ევროლიგის 32-ე ტურში „ვირტუს ბოლონიამ“ ათენის „პანათინაიკოსს“ უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში 79:81 წააგო.
იტალიელები მატჩის მიმდინარეობისას 17-ქულიან ჩამორჩენაშიც იყვნენ, მაგრამ ბოლოსკენ წინ გასვლაც შეძლეს 3 ქულით და მოგებას მიუახლოვდნენ. თუმცა, ეს საკმარისი არ გამოდგა. ბერძნებმა გადამწყვეტი 2 ქულა ბოლო წამზე ჩააგდეს და თამაშიც დასრულდა.
თორნიკე შენგელიამ 29 წუთში 19 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 6-დან 5 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 25-ს გაუტოლდა. თორნიკე თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო.
აღსანიშნავია, რომ შენგელიამ ევროლიგაში 3 000-ქულიან ზღვარს გადააჯიბა - ახლა მის აქტივში 3 011 ქულაა ევროლიგის ეგიდით.
„ვირტუსმა“ ევროლიგაში ზედიზედ მეხუთე თამაში წააგო, რის შედეგადაც 17 გამარჯვებით და 15 წაგებით მერვე ადგილამდე ჩამოქვეითდა. იტალიური კლუბი მომდევნო ტურში 5 აპრილს, „ოლიმპია მილანოს“ ესტუმრება.