რაგბი

19:20 | 28.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | ჩემპიონმა პირველი წრე დაუმარცხებლად განვლო

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის პირველი წრე ‘ლელოს’ გამარჯვებით დასრულდა. ჩემპიონი რეგულარული სეზონის შუალედურ ფინიშზე დაუმარცხებელი მივიდა. პაატა მაისურაძის ბიჭებმა 7-ვე მატჩი მოიგეს, 33 ქულა დააგროვეს და მდევარ ‘აიას’ 3 ქულით უსწრებენ. მესამე პოზიციაზე მყოფი ‘აკადემია’ რიონისპირელებს 7 ქულით ჩამორჩება და მოწინავე კვარტეტში მყოფ ‘ბათუმს’ 6 ქულით უსწრებს.

ზედიზედ 2-მა მოგებამ ‘არმიას’ მე-5 ადგილზე ანაცვლების შესაძლებლობა მისცა. „არმიელებმა“ 3 ქულით ‘წიქარას’ გადაასწრეს. ერთადერთი მოგებისა და 5 ქულის მქონე ‘ხარები’ ცხრილის ბოლოსწინა საფეხურზე რჩება. ‘ტაომ’ ელიტაში ყოფნის პერიოდში სამატჩო ქულები მეორე შეხვედრაში აიღო, თუმცა აუტსაიდერმა მესხებმა პირველი წრე საცხრილო ქულის გარეშე ჩაამთავრეს.

‘ლელო’ რუსთავის ‘ხარებს’ მესამე მასივში დაუხვდა. პაატა მაისურაძის 18 წლამდელთა ნაკრების სტაფში ყოფნის გამო, ჩემპიონს ბექა ყორიულმა წარმატებით უთავკაცა. ‘ლელო’ მეტოქეს ყველა სარაგბო კომპონენტში აღემატებოდა. ჩემპიონი აქცენტს სწრაფ, ხელდახელ თამაშსზე აკეთებდა, ქვემო ქართლელებს კომბინაციურ სტილში 9 უპასუხო ლელო დაუდო და თან მეტოქე სამატჩო ქულების გარეშეც დატოვა. დიდ დიღმელთა გატანილი ყველა ლელო სხვადასხვა მოთამაშის ანგარიშსზეა. ფავორიტის წარმატებას სათავე შუამარბ ნიკოლას მაისურაძის გატანილმა ლელომ დაუდო, წერტილი კი მარქაფადან ჩართული ფრთა ირაკლი ჯიჯელავას დადებულმა ლელომ დაუსვა – 55:0.

ტურის გამორჩეული შეხვედრა ქუთაისში გაიმართა. „აია არენაზე“, ლიდერთა კვარტეტში მყოფნი: ‘აია’ და ‘ბათუმი’ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა მაღალ ტემპში წარიმართა, მეტოქენი უპირატესობას ხელდახელ თამაშს ანიჭებდნენ და მატჩიც კარგი საცქერი გამოდგა.

‘აია’ უპირატესობას პირველივე წუთებიდან ფლობდა. რიონისპირელები დაცვაში საიმედო თამაშთან ერთად, სწრაფი გადაწყვეტილებებითა და მრავალფეროვანი კომბინაციებითაც გამოირჩნენ. ნიკოლოზ ლაღაძის ბიჭებმა მთლიანობაში 5 ლელო გაიტანეს. მატჩის პირველი და ბოლო ლელოს ავტორმა, ‘აიას’ ფულბეკმა ათუკა ზვიადაძემ „დუბლი“ გაიფორმა. მასპინძელთა მხრიდან ლელოს გატანა ასევე ბურჯმა საბა მშვილდაძემ, შუამარბმა გივიკო ჩიხლაძემ და ფრთა გიორგი მუშკუდიანმა მოახერხეს. მგეზავმა გოგა უშვერიძემ კი 3 გარდასახვას, გატანილი ჯარიმაც დაურთო. ‘ბათუმი’ ბოლომდე იბრძოდა და „მშრალი“ ანგარიშით მარცხს ბოლო წუთებზე შუამარბ გაბრიელ ხუნჯუას დადებული ლელოთი გადაურჩა – 34:5.

„რაგბი პლატოზე“, ‘აკადემია’-‘წიქარას’ შეხვედრა უაღრესად დაძაბული გამოდგა. მეტოქეებმა მთლიანობაში 4-4 ლელოს გატანა მოახერხეს. „მხატვრები“ შესვენების წინ მოპოვებულ 7 ქულიან უპირატესობას მატჩის ბოლო წუთამდე ინარჩუნებდნენ. ‘აკადემიამ’ ბოლოს ხსენებული სხვაობა კვაჭ სანდრო გამყრელიძის გარდასახული ლელოთი მოიპოვა. ‘წიქარა’ გააფთრებით იბრძოდა და ბოლო წუთზე რეზო ქოქოლაძის ბიჭების მორიგი მიძალება ლელოთი ჰავბეკმა იოანე სამსონიძემ დააგვირგვინა, თუმცა სტუმართა მგეზავმა ალექსანდრე ჩოფიკაშვილმა მღელვარება ვერ დაძლია და არცთუ ურიგო პოზიციიდან გამთანაბრებელი გარდასახვა გააცუდა. ‘აკადემიამ’ დრამატულ ბრძოლაში – 26:24 იმარჯვა.

‘არმიამ’ პირველობის აუტსაიდერ ‘ტაოს’ „რაგბი ჭალაში“ უმასპინძლა. ბრინჯაოსმედალოსანი საგრძნობ უპირატესობას ფლობდა, მესხებს 10 ლელო გაუტანა და მატჩი დაგეგმილი ბონუსით – 64:12 მოიგო. „არმიელთა“ მღლეტელმა ნიკოლოზ ჯანგულაშვილმა და ბურჯმა შალვა ნიაზაშვილმა „დუბლი“ გაიფორმეს. დებიუტანტმა ელიტაში თამაშის პერიოდში, 1 შეხვედრაში პირველად მოახერხა 2 ლელოს გატანა და ჯერჯერობით ყველაზე მეტი სამატჩო ქულაც აიღო. პირველ ტაიმში ‘ტაოს’ მგეზავმა გიორგი ლომსაძემ მეტოქეს ეფექტურად ჩაუჭრა და სისწრაფეზე ლამაზი ლელო გაიტანა. მეორე ნახევარში კი სტუმართა მხრიდან ლელოს დადება ბურჯმა დათო კაპანაძემ მოახერხა.

RUGBY.GE

0.122713