ფეხბურთი

23:47 | 26.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოცნება რეალობაა! საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზეა!!!

2024 წლის 26 მარტი - ეს დღე ქართული ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ ოქროს ასოებით დარჩება.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შეძლო ის, რასაც 30 წელზე მეტს ხანს მთელი ქვეყანა ელოდა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა!

პლეი-ოფის ფინალში ვილი სანიოლის გუნდმა თბილისში, საოცარი ქომაგობის პირობებში საბერძნეთის ნაკრები დრამატულ ბრძოლაში, პენალტების სერიაში დაამარცხა.

ლუქსემბურგის მატჩთან შედარებით სანიოლმა ძირითად შემადგენლობაში ერთადერთი ცვლილება მოახდინა - ხვიჩა კვარაცხელია გიორგი მიქაუტაძის ნაცვლად.

თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, ორივე გუნდი რისკს ერიდებოდა, რაც ბუნებრივია, რადგან სასწორზე ძალიან ბევრი რამ იდო. პირველ ტაიმში გოლთან უფრო ახლოს საქართველოს ნაკრები იყო. ეს ტაიმის მიწურულს, როცა გიორგი ჩაკვეტაძის ჯარიმა ოდიესას ვლახოდიმოსმა ეფექტურ ნახტომში კუთხურზე მოიგერია.

მეორე ნახევარშიც სცენარი არ შეცვლილა: ბერძნები უფრო აკონტროლებდნენ თამაშის ტემპს, მაგრამ საქართველოს ნაკრები დაცვაში ძალიან კარგად თამაშობდა და მეტოქეს სახიფათო მომენტის შექმნის შესაძლებლობას პრაქტიკულად არ აძლევდა. საპასუხოს, არც სანიოლის გუნდს ჰქონია ძირითად დროში აშკარა საგოლე მომენტი. საბოლოოდ დამატებით დრო სრულიად ლოგიკურად დაინიშნა.

შეიძლება პარადოქსია, მაგრამ ორივე გუნდს საუკეთესო შანსები სწორედ დამატებით დროში ჰქონდათ. ჯერ ბერძნებს: 102-ე წუთზე კონსტანტინოს მავროპანოსის თავურის შემდეგ საქართველო ხარიხამ იხსნა, რასაც 3 წუთში ვუპასუხეთ რეალური მომენტით. გიორგი მიქაუტაძემ მავროპანოსის პასი ჩაჭრა, საჯარიმოში შეიჭრა და კარგი პასი გაუკეთა ზურიკო დავითაშვილს, რომელმაც ერთი შეხებით დაარტყა, მაგრამ მეკარემ აჯობა. სანიოლის გუნდს მეორე დამატებით ტაიმშიც ჰქონდა გამარჯვების გოლის გატანის შანსი, მაგრამ ვლახოდიმოსმა ამჯერად გიორგი წიტაიშვილს აჯობა, რომელიც დრიბლინგის შემდეგ შეიჭრა საჯარიმოში და მახვილი კუთხიდან დაარტყა.

0:0 და ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა. იქ კი, ქოჩორაშვილმა, დავითაშვილმა, დვალმა და კვეკვესკირმა ზუსტად დაარტყეს. მიქაუტაძემ ბურთი კარს ააცილა, მაგრამ სამაგიეროდ, მამარდაშვილმა ბაკასეტასს აჯობა, იაკუმაკისმა კი არაზუსტად დაარტყა. გადამწყვეტი პენალტი კვეკვესკირმა უნაკლოდ შეასრულა და მთელი საქართველო ზეიმმა მოიცვა.

ზეიმი, რომელიც სრულიად დამსახურებულია - საქართველო ევროპის ჩემპიონატზეა!

საქართველო - საბერძნეთი 0:0 (4:2 პენ)

თბილისი, „დინამო არენა“

საქართველო (3-4-2-1): მამარდაშვილი; კვირკველია, კაშია, დვალი; კაკაბაძე, კიტეიშვილი (კვეკვესკირი 104), ქოჩორაშვილი, შენგელია (წიტაიშვილი 86); ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 104), კვარაცხელია (ქვილითაია 109); ზივზივაძე (მიქაუტაძე 75)

მწვრთნელი: ვილი სანიოლი

საბერძნეთი (4-3-3): ვლახოდიმოსი; ბალდოკი (როტა 60), მავროპანოსი, ჰაძიდიაკოსი (რეცოსი 106), ციმიკასი; ბაკასეტასი, კურბელისი (სიოპისი 67), მანტალოსი (ბუხალაკისი 98); მასურასი, იოანიდისი (იაკუმაკისი 90), პელკასი (კონსტანტელიასი 60)

მწვრთნელი: გუსტავო პოიეტი

პენალტების სერია: 1:0 ქოჩორაშვილი, 1:0 ბაკასეტასი (მეკარე), 2:0 დავითაშვილი, 2:1 მასურასი, 2:1 მიქაუტაძე (ააცილა), 2:2 ბუხალაკისი, 3:2 დვალი, 3:2 იაკუმაკისი (ააცილა), 4:2 კვეკვესკირი

გაფრთხილება: ზივზივაძე (42), კვირკველია (50) - ბალდოკი (6), ჰაძიდიაკოსი (35), მავროპანოსი (44), კონსტანტელიასი (90), როტა (90)

გაძევება: ლორია (45)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 17 (3) – 12 (2) ბურთის ფლობა: 40%-60% კუთხურები: 3:8 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: შიმონ მარჩინიაკი (პოლონეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114303