ფეხბურთი

6:43 | 26.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

26 მარტი ჩვენი დღეა!
გავიხსენოთ და გავიმეოროთ ხორვატია!

...და მაინც, როგორი გამოუსწორებელი ოპტიმისტები ვართ - ორი-სამი დღეა, ავიკვიატე, რომ ბერძნებს დაძაბულ ბრძოლაში კი არა, დამაჯერებლად დავამარცხებთ, ხოლო გუშინდელიდან მოყოლებული, 6:2 არ ამომდის თავიდან (ჩვენს სასარგებლოდ, რა თქმა უნდა).

დარწმუნებული ვარ, მსგავსი თუ ოდნავ მოკრძალებული გამარჯვების „წინასწარმეტყველური ჰაზრები“ ბოლო ხუთი დღეა ასიათასობით ქართველ ქომაგს უტრიალებს თავში და ერთ მათგანსაც კი, არაფრით უნდა, რამე საწინააღმდეგო რომ დაუშვას - მიდი და გაამტყუნე...

რეალურად ამ ყველაფერს ისტორიული საფუძველი ნაკლებად რომ აქვს, ყველა, ფეხბურთში ოდნავ ჩახედულ კაცს თუ ქალს მოეხსენება. უბრალოდ, ურთიერთშეხვედრათა სტატისტიკას რომ გადახედო, ძირითად დროშივე ბერძნების გამარჯვების შანსი 75 %-ა, ფრის - 25, ჩვენს გამარჯვებაზე კი, როგორც იტყვიან, ბუბლიკი გვრჩება (ბერძნებთან გამართული 8 მატჩიდან მხოლოდ 2 ფრეს გამოვრჩით და ორივეს სტუმრად; დანარჩენ ექვსში კი, დავმარცხდით, აქედან ოთხჯერ სახლში). მოკლედ, ისეთი სტატისტიკაა, გახსენებაც რომ არ გინდა.
იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ საბერძნეთი, მისი სათამაშო სტილიდან გამომდინარე, როგორი, უკაცრავად გამოთქმაზე და, მურტალი გუნდია (გრანდებისთვისაც), ჩვენ კი მათთან ერთ გოლზე მეტი არასდროს გაგვიტანია, დიდი შანსია, 6:2 ან რამე მსგავსით აქეთ გვასიამოვნონ, მაგრამ...

ცოტა მეტად „ანალიზში თუ შევალთ“, აღმოვაჩენთ, რომ არც ისე პესიმისტურად გვაქვს საქმე, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. და პირველი, რაც თვალში მოსახვედრი და იმედიანი განწყობის შემქმნელია, ეს ჩვენი შემადგენლობაა. მართალია, გრანდებთან შორიახლოს მოციმციმე კლუბში (შევთანხმდეთ, რომ ნაპოლის გრანდობამდე ბევრი უკლია) მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიაა, მაგრამ ესპანეთის პრიმერაში გამოკვეთილად სოლიდურად მოასპარეზე მამარდაშვილიდან დაწყებული, კიტეიშვილის გავლით, ჩაკვეტაძე-ზივზივაძე-მიქაუტაძით დამთავრებული, საკმაოდ დაბალანსებული, საშუალო ევროპული დონის მოთამაშეთაგან შემდგარი გუნდი გვყავს (ამ მხრივ, ცოტა უკეთ გამოიყურება ჩვენი მეტოქე, რომელსაც გუნდების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შემადგენლობა ნამდვილად არ დაეწუნება - ძირითადად, წამყვანი ბერძნული კლუბების წევრებს, მეტწილად ინგლისურ პრემიერლიგაში, ასევე იტალიასა და თურქეთში მოთამაშე ფეხბურთელები უდგანან გვერდში).

ზემოთ ჩვენი შემტევი სამეული ვახსენე, რომლის თითოეულ წევრს მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია და მათ ეს უკვე არაერთხელ გაუკეთებიათ, მართალია, შედარებით დაბალი დონის მატჩებში, მაგრამ მაინც. ამათგან, ზივზივაძის მიერ ლუქსემბურგთან გატანილი ორი უმნიშვნელოვანესი გოლისადმი და თავად ბუდუსადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ჩაკვეტაძეზე უფრო მინდა შევჩერდე.

საერთოდაც, მე თუ მკითხავთ, პოტენციურად, ნაკრებისთვის, ჩაკვეტაძე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფიგურაა, ვიდრე კვარაცხელია. იმაში ნუ აურევთ, რომ სადღეისოდ კვარა უდავოდ საუკეთესო ქართველი ფეხბურთელია და ნაკრებს მის გარეშე მთავარი პეწი აკლია. უბრალოდ, ჯანმრთელ და ფორმაში მყოფ ჩაკვეტაძეს, როგორც გუნდის თამაშის დამლაგებელსა და წამყვანს, უფრო დიდი როლი ენიჭება ამ ფორმაციის ნაკრებში. სხვა საქმეა, რამდენად კარგად გაართმევს თავს კონკრეტულ მატჩსა თუ მატჩებში და რომ მის წამყვანობას ფასი არ ექნება სწორედ კვარას, ბუდუს და მიქაუტაძის მსგავსი, მცველებსა და მეკარეზე დაგეშილი და მათთვის თავგზის ამბნევი პარტნიორების სათანადო ქმედების გარეშე. ისიც ხაზგასასმელია, რომ ამ ბიჭებს (ისევე როგორც, დავითაშვილს, წიტაიშვილსა და ქვილითაიას, მეტ-ნაკლებად რა თქმა უნდა) საგოლე ალღოსთან ერთად, არც სითავხედე (კარგი გაგებით) აკლიათ.

თავხედობის რა გითხრათ, მაგრამ თავდაჯერებულობასთან ერთად ტექნიკურ-ტაქტიკურ არსენალს რომ არ უჩივის და შორი მანძილიდან კარშიც არაერთხელ გაუსროლია ზუსტად, ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურა გვყავს კიტეიშვილის სახით. მისი პოტენციალის ფეხბურთელს ნამდვილად შესწევს უნარი, ჩაკვეტაძესთან ერთად, მეტოქეს ცენტრი წაართვას და პარტნიორები მრავალფეროვანი კომბინაციებით ამარაგოს.

როცა წართმევა-ართმევაზე მიდგება ხოლმე საქმე, ქოჩორაშვილსა და უკანახაზელთა სამეულს (კვირკველია-კაშია-დვალი), საამისოდ მონდომებაც აქვთ და კლასიც, მაგრამ ბოლო მატჩში ლუქსემბურგთან, განსაკუთრებით მეორე ტაიმის პირველ ათწუთეულში, სერიოზული ჩავარდნები აშკარა იყო. უფრო ძლიერ საბერძნეთთან კი, ნებისმიერი ასეთი ჩავარდნა კატასტროფად შეიძლება გვექცეს...

რა თქმა უნდა, ამ ჩავარდნებში თავისი წილი პასუხისმგებლობა ყველა მოთამაშეს აქვს, მათ შორის, კაკაბაძეს და შენგელიას. თუმცა, ამ ორს, თავიანთი შეტევითი პოტენციალის „გადამკიდე“, ისევე შეუძლიათ თამაშის ბედის გადაწყვეტა, როგორც მაგალითად, კვარას, ბუდუს ან მიქაუტაძეს.

ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა, რომ, ცნობილი გამოთქმის არ იყოს, დაცვას კი უნდა მივხედოთ, მაგრამ უკანდახეული, დაცვითი ფეხბურთის თამაშში ჩვენ ბერძნებს ვერ ვაჯობებთ, რადგან მათ როგორც გუნდური/სანაკრებო, ისე ცალკეული ფეხბურთელების პრაქტიკული გამოცდილების ხარჯზე, ჩვენზე ნაკლები შეცდომების დაშვებისა და შესაბამისად, გამარჯვების გაცილებით დიდი შანსი აქვთ. ჩვენი ამბავი რომ ვიცით, ასეთ მატჩებში მეტწილად, სათამაშო კლასთან ერთად, ნერვები ჩვენ გვიმტყუნებს ხოლმე და შეცდომებსაც მეტოქეზე გაცილებით მეტს ვუშვებთ...ამიტომ, მეტოქის შეცდომის 90-წუთიან მოლოდინში ყოფნას, ჯობს, ბედნიერება შეტევაში უფრო აქტიურად ვეძებოთ. აი, როგორც 2011 წელს, თბილისში, ხორვატებთან, ბოლო წუთებზე, კანკავა-მარცვალაძის კომბინაციითა და კობიაშვილის გოლით მოვძებნეთ - მაშინაც ხომ სწორედ 26 მარტი იყო! ისტორიას კიდევ, გამეორება რომ უყვარს, ეს ჩემი მოგონილი არაა; ოდნავ ხელი, ფეხი და თავი უნდა მივახმაროთ...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121174