რაგბი

11:04 | 25.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ლიგა | ‘ბაგრატი’ დარჩენაზე იბრძოლებს, ‘არმაზი’ კი დაქვეითდა

პირველი ლიგის დასკვნითი ტური ე.წ. „ავსტრალიური“ პლეი ოფის მონაწილეებსა და ასევე ლიგიდან გასავარდნ კოლექტივს არკვევდა. ჯერჯერობით სეზონი მხოლოდ ‘იუნკერებმა’ და ‘მათემ’ დაასრულეს. ქუთაისის ‘ბაგრატმა’ ბოლო ადგილს დააღწია თავი და რეგიონულ ლიგაში დიდი 10-ის ყოფილი ბინადარი მარნეულის ‘არმაზი’ გაამგზარვა. რიონისპირელებს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად რეგიონული ლიგის მეორე ადგილოსანთან 2-რაუნდიანი რკენა მოუწევთ.

დასკვნითმა ტურმა სატურნირო ცხრილის მოწინავე ექვსეულში გუნდების მდგომარეობა უცვლელი დატოვა და შესაბამისად პლეი ოფის პირველ სტადიაზე, 1-მატჩა მესამედ-ფინალებში: ‘გორი’-‘ვეფხვები’ და ‘არმია’-‘ლოკომოტივი’ ითამაშებენ. ჯგუფურ ეტაპზე დაკავებული ადგილებიდან გამომდინარე, მასპინძლობის უფლებით შიდა ქართლელები და „არმიელები“ ისარგებლებენ.

მესამედ-ფინალში წარმატებული გუნდები ერთმანეთს გასავარდნ ფინალში დაუპირისპირდებიან და წინასაწარი ფინალის მეორე მონაწილეს გამოავლენენ. შესარჩევ ფინალში ხელმოცარული გუნდიც წინასწარ ფინალში ითამაშებს. ‘ტაო’-‘დინოზავრის’ შესარჩევ ფინალში გამარჯვებული გუნდი კი პირდაპირ დიდ ფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებს. რეგულარული სეზონის გამარჯვებული მესხები მეორე ადგილზე გასულ წყალტუბოელებს მშობლიურ ასპინძაში დაუხვდებიან.

რეგულარული სეზონის დასკვნით ტურს, ‘ლოკომოტივის’ ბაზაზე’ ‘არმია’-‘ბაგრატის’ გადადებული შეხვედრა უსწრებდა. მატჩი დაძაბული და უხვქულიანი გამოდგა. „არმიელებმა“ მთლიანობაში მეტოქეზე 1-ით მეტი, 6 ლელო გაიტანეს. ‘არმიას’ ფიჯელმა მარბიელმა ტამანიტოაკულამ „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა. ‘ბაგრატის’ რიგებში კი „დუბლით“, გუნდის კაპიტანი და კვაჭი ლაშა ჭელიძე გამოირჩა. მართალია’ არმია’ სათამაშო დისციპლინაში მოიკოჭლებდა, თუმცა გუნდური თამაშით მეტოქეს აღემატებოდა, რამაც მატჩის საბოლოო შედეგზე დიდი გავლენა იქონია. ბოლო წუთებზე ფრთა საბა ილურიძის გატანილმა ლელომ ‘არმია’ 9 ქულით დააწინაურა, თუმცა „გაწითლებულ“ დროში სტუმართა მგეზავ ზვიად ოდიშარიას გატანილმა ჯარიმამ ‘ბაგრატს’ ნუგეშ-ქულა არგუნა და ლიგაში დარჩენის გარკვეული შანსიც დაუტოვა. ‘არმიამ’ მატჩი – 38:32 მოიგო.

‘ბაგრატმა’ სეზონის დასკვნითი და ბოლო ადგილისგან თავის დასაღწევი გადამწყვეტი შეხვედრა „აია არენაზე“ პატარძეულის ‘ვეფხვების’ წინააღმდეგ ჩაატარა. მატჩის დებიუტიდანვე მდევრის როლში მყოფი გარე კახელები პირველ ტაიმში ფრეს გამორჩნენ, მეორე ნახევრის შუაწელს კი ფულბეკ ლაშა გურგენიძის გატანილი ჯარიმით 3 ქულით დაწინაურდნენ. გავარდნის მოახლოებულმა საფრთხემ ‘ბაგრატი’ დროულად გამოაფხიზლა და რიონისპირელთა რამდენიმე მწვავე შეტევიდან ხეირი ბურჯმა იური კენჭაძემ ჰპოვა. რაქიდან კარგად აწყობილი შეტევა კენჭაძის გარდასახული ლელოთი დასრულდა. ‘ბაგრატმა’ – 21:17 მოიგო და პლეი აუტში მოხვდა. ‘ვეფხვებს’ კი აღებულმა ნუგეშმა პლეი ოფში თამაშის უფლება მოუპოვა.

„აია არენაზე“, ‘დინოზავრი’-‘გორის’ შეხვედრა მართალია პრესტიჟის ხასიათს ატარებდა, თუმცა მეტოქეებმა თავი არ დაზოგეს და ფიცხელი ბრძოლაც გააჩაღეს. მატჩის კულმინაციად დასკვნითი 10 წუთი იქცა. საყაიმო ანგარიშსზე, გუნდებს 3-3 ლელო ჰქონდათ დადებული, როდესაც მგეზავ გოდერძი ჭინჭარაულის გატანილმა ჯარიმამ შიდა ქართლელები დააწინაურა, თუმცა „გაწითლებულ“ დროზე კომბინაციურ სტილში იმერელთა განხორციელებული სწრაფი შეტევა მხტომელმა პაატა გალდავამ ლელოთი დააგვირგვინა და ‘დინოზავრს’ სეზონში მე-14 გამარჯვება მოუპოვა – 22:18.

‘ლოკომოტივმა’ უმოტივაციო ‘არმიას’ საკუთარ ბაზაზე უმასპინძლა. „არმიელებმა“ ძირითადში შერეული შემადგენლობა გაამწესეს, რითაც „რკინიგზელებმა“ კარგად ისარგებლეს. ‘ლოკომოტივი’ უპირატესობას პირველივე წუთებიდან ფლობდა და მთლიანობაში მეტოქეზე 3-ით მეტი, 5 ლელოს გატანა მოახერხა. მატჩის ბოლო წუთებზე საკუთარი 22-დან დაწყებული სწრაფი კომბინაციის შედეგად ფეხით შეცურებული ოვალი ფრთა გელა ლალიაშვილმა ეფექტურ ნახტომში ლელოდ აქცია, რამაც „რკინიგზელებს“ შეხვედრა საშური ბონუსით მოაგებინა – 32:12.

რეგულარული სეზონის გამარჯვებულმა ‘ტაომ’ ჯგუფური ეტაპი მაჟორზე დაასრულა. მესხები თეთრი წყაროს ‘იუნკერებს’ „რაგბი პლატოზე“ დაუპირისპირდნენ და უხვქულიან შეხვედრაში გარისელებზე 2-ით მეტი, 6 ლელო გაიტანეს. შეხვედრის დებიუტში ‘იუნკერები’ კვაჭ გიორგი ქინქლაძის ლელოთი დაწინაურდა, რის შემდგომ სრულ უპირატესობას პირველობის ლიდერი ფლობდა. ‘ტაოს’ ფრთებმა: ნაიბუკა ლადინისავამ და ლუკა კვენეტაძემ „დუბლი“ შეასრულეს, ხოლო მატჩის გამორჩეული მოთამაშე გოშა შკინინი გახლდათ. 41 წლის გამოჩენილი ბორჯღალოსანი ამჯერზე მგეზავის პოზიციაზე გაისარჯა და უნარიანი თამაშით საკუთარი გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. ‘ტაომ’ სეზონში მე-16 მატჩი მოიგო – 45:24.

ჭიათურის ცენტრალურ სტადიონზე ‘მათე’-არმაზის’ შეხვედრას ქომაგის მხრიდან ინტერესი არ მოკლებია. დარჩენაზე მებრძოლი გუნდების შეხვედრა ზემო იმერელთა სრული უპირატესობით წარიმართა. ‘მათეს’ მგეზავმა ნიკო იალოსოლომ პირველ ტაიმში მიჯრით 3 ლელო გაიტანა, რამაც მასპინძლებს შესვენების წინ 12 ქულიანი სხვაობა არგუნა. მეორე ტაიმში ზაზა ბაკურაძის შეგირდთა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა, რაც მასპინძელთა მთლიანობაში 8 გატანილ ლელოში აისახა. ზემო იმერელთა ფულბეკმა მაიკელი როკოდინონომ „დუბლი“ გაიფორმა, ხოლო ‘მათეს’ დამაჯერებელი გამარჯვება კვაჭ შოთა მაღლაკელიძის დადებულმა ლელომ დააფიქსირა – 42:15.

RUGBY.GE

0.12347