ფეხბურთი

19:07 | 25.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

გუსტავო პოიეტი: "მეეჭვება, სანიოლმა ფინალისთვის ბევრი რამ შეცვალოს"

საბერძნეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუსტავო პოიეტმა ევრო 2024-ის პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

ურუგვაელმა სპეციალისტმა ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი შეხვედრის წინ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:

„საქართველოსთან საბერძნეთთან არასდროს მოუგია? ჩემთვის წარსულს არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია, მაშინ სხვა ფეხბურთელები იყვნენ, სხვა თაობაა. მე არასდროს შევხვედრივარ საქართველოს ნაკრებს. რა თქმა უნდა, გავაანალიზეთ მეტოქის თამაში და სწორედ ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, რომ ხვალინდელ მატჩზე ვიყოთ კონცენტრირებული.

ვერ გეტყვით ხვალინდელ მატჩში ჩვენს გეგმაზე, თუმცა კარგად ვიცნობთ საქართველოს ნაკრებს, მისი თამაშის სტილს. არ მგონია, რომ ვილიმ ფინალისთვის მნიშვნელოვნად შეცვალოს ტაქტიკა და სტილი. ძალიან კარგად ვართ მომზადებული, თბილისში საუკეთესო შემადგენლობით ჩამოვედით და შესაბამისად, ცუდად თამაშს არანაირი გამართლება არ ექნება.

საინტერესო შეკითხვაა: დიახ, ორივე გუნდს ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავს. ვფიქრობ, გადამწყვეტი სწორედ ის იქნება, როგორ გაუძლებენ ახალგაზრდები ასეთ წნეხს და შეძლებენ თუ არა, თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენას. ამაზე პასუხს უკვე ხვალინდელი შეხვედრა გაგვცემს. ვიცით, რომ ასეთ მატჩებში ფეხბურთელები თავდაჯერებული უნდა იყვნენ. ვნახოთ, რა გამოვა, გვინდა კარგად ვითამაშოთ, თუმცა ეს ფინალია და ორივე გუნდს გამარჯვება უნდა.

ხვალ ძალიან კარგად უნდა ვითამაშოთ, ორგანიზებულად დაცვაში და ბურთთან ყურადღებით და თუ ამას შევძლებთ, საქართველო ჩვეულად სახიფათო ვერ იქნება. ფეხბურთში მცირე მომენტებიდანაც შეიძლება გოლის გატანა, ამიტომ, შეტევაში ცივსისხლიანად უნდა ვითამაშოთ.

ზოგჯერ ფეხბურთი უსამართლოა, არ აქვს მნიშვნელობა რა გააკეთე ბოლო ორი წლის განმავლობაში, ყველაფერი ერთი მატჩით წყდება. ეროვნულ ჩემპიონატშიც შეიძლება 37 მატჩი კარგად ითამაშა და ბოლო შეხვედრაში ყველაფერი დაკარგო. მშვიდად ვართ, საუკეთესოდ მოვემზადეთ და არანაირი ალიბი არ გვაქვს. კმაყოფილი ვართ იმით, რაც აქამდე გავაკეთეთ.

ფეხბურთელებს სავსე სტადიონზე თამაში სურთ, მთავარია, მოედანზე რა მოხდება. კარგი იქნებოდა სახლში თამაში, მაგრამ ყველაფერი მოედანზე უნდა გადაწყდეს, იქ გამოჩნდება ფეხბურთელები რას გააკეთებენ. დღევანდელ ვარჯიშზე უნდა ვნახოთ, ვინ არის 100%-ით მზად და ამიტომ, ჯერ ვარჯიშს ველოდები. თუ არ ვცდები, ცაველასის გარდა, არც ერთ ჩვენს ფეხბურთელს დიდ ტურნირზე არ უთამაშია, ამიტომ, 2004 წელს მოგებულ ევროპის ჩემპიონატს ხვალ არავითარი მნიშვნელობა არ ექნება.

როგორც მწვრთნელს, არ მომწონს პენალტების სერია, მაგრამ თუ ამის საჭიროება გახდება, მზად ვიქნებით. თუმცა, 90 ან 120 წუთის განმავლობაში ვეცდებით გამარჯვებას“, - თქვა პოიეტმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და საბერძნეთის მატჩი 26 მარტს, 21:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება. ამ წყვილში გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში ავტომატურად მოხვდება, სადაც ასევე არიან პორტუგალიის, თურქეთის და ჩეხეთის ნაკრებები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116419