საქართველოს მოქმედი ჩემპიონი რუსთავის ‘ხარები’, დიდი 10-ის რეგულარული გათამაშების დასკვნით ტურში ‘ბათუმთან’ დამარცხდა და საჩემპიონო რბოლას გამოეთიშა.
კონკურენტის მარცხით ბოლნისის ‘ყოჩებმა’ ისარგებლა, ‘ყაზბეგი’ დაამარცხა და ექვსეულში ბოლო გუნდად შევიდა.
მიმდინარე გათამაშების მე-18 ტურში წყდებოდა, თუ რომელი გუნდი რომელი ადგილით გავიდოდა (მე-3-მე-6 ადგილები) ფლეი ოფში და ასევე, ვინ იქნებოდა მეექვსე მონაწილე.
ხარები 18:24 ბათუმი
ისე მოხდა, რომ ყველაზე დიდი დატვირთვა შარშანდელი ფინალისტების თამაშზე მოდიოდა. ‘ხარებს’ ექვსეულში ადგილის შესანარჩუნებლად მხოლოდ გამარჯვება ჭირდებოდა, მაგრამ არც ‘ბათუმი’ იყო უმოტივაციოდ. ზღვისპირელებს მესამე ადგილის შესანარჩუნებლად, რომელიც ფლეი ოფში საკუთარი მოედნის უპირატესობას იძლევა, უცილობლად გამარჯვება უნდოდათ. გარდა ამისა, შარშანდელ ფინალში 22:24 მარცხის გამო მათ რევანში წყუროდათ.
თამაში რუსთავში, „ხარები არენაზე“ დაძაბული გამოდგა. მასპინძლები მე-9 წუთზე გიორგი პეტრიაშვილის ჯარიმით დაწინაურდნენ, თუმცა ‘ბათუმმა’ მალევე მოლით და ვაჟა თაგაურის ლელოთი უპასუხა. სტუმრები ხელდახელ შეტევისას ფრთებზე ხშირად ტოვებდნენ ფორვარდებს, რამაც შედეგი 32-ე წუთზე გამოიღო და გიორგი თხილაიშვილმა მარცხენა ალამთან ლელო გაიტანა. მამუკა ნინიძემ ორივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა და შესვენების წინ მონაგარს ჯარიმიდან 3 ქულაც შემატა – 3:17.
მეორე ტაიმი ‘ხარების’ იერიშებით დაიწყო და მოლის შემდეგ ვაჟა ხუციშვილმა ლელო მარჯვენა ალამთან გაიტანა. პეტრიაშვილს გარდასახვა გაუცუდდა, 65-ე წუთზე კი ჯარიმა გაიტანა და სხვაობა 6 ქულამდე დაიყვანა. სტუმრები ხშირად ცდებოდნენ, განსაკუთრებით დერეფანში თამაშისას, მაგრამ რუსთაველებმა ამით ვერ ისარგებლეს, 70-ე წუთზე კი ერეკლე მაჭარაშვილის გაძევების გამო მოედანზე კაცნაკლული დარჩნენ.
ამით კარგად ისარგებლა ‘ბათუმმა’, ფრთაზე მეტობა გაითამაშა და ლაშა ფოფხაძის გადაცემით ლელო აუსტინ პრინსმა გაიტანა, ნინიძემ კი კარის წინიდან გარდასახა. ‘ხარებმა’ ბოლომდე იბრძოლა და გაწითლებულ დროზე ვახტანგ ქვათაძის ლელო გიორგი ელოშვილმა გარდასახა, რითაც საკუთარ გუნდს ნუგეშის ქულა შესძინა, თუმცა ჩემპიონს 1 ქულა საჩემპიონო ბრძოლის გასაგრძელებლად არ ეყო და მე-7 ადგილს დასჯერდა – 18:24.
ყაზბეგი 17:38 ყოჩები
ბოლნისის ‘ყოჩები’ უმოტივაციო სტეფანწმინდის ‘ყაზბეგს’ „რაგბი პლატოზე“ სტუმრის სტატუსით ეთამაშა. მათ იცოდნენ, რომ მოგების შემთხვევაში ექვსეულში შესვლის შანსი ექნებოდათ და მონდომება არ დააკლეს.
პირველ ტაიმში ლელოები ამირან მიქაძემ, თემურ ჭიჭინაძემ და რომან მახათაძემ გაიტანეს, ხოლო გარდასახვები ლაშა მალაღურაძემ შეასრულა. ‘ყაზბეგმა’ საბა ნიკოლაშვილის ჯარიმით და შესვენების წინ ლუკა ჩქარეულის ლელოთი (ნიკოლაშვილმა გარდასახა) უპასუხა – 10:21.
მეორე ტაიმის საწყის 10 წუთში მალაღურაძემ ჯარიმა და გარდასახვა, ნიკა ჩხიკვაძემ კი ლელო გაიტანა. გიგა ჯულუხაძემ ლელოთი და ნიკოლაშვილმა გარდასახვით სწრაფადვე უპასუხეს, მაგრამ ‘ყოჩები’ ინიციატივას ფლობდა და მათე ღურწკაიამ ბოლოსწინა წუთზე მე-5 ლელო გაიტანა, სერგი ჩხაიძემ კი გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 38:17 ბოლნისელების სასარგებლოდ.
‘ყოჩები’ ფლეი ოფში მე-6 ადგილის გავიდა და 6 ან 7 აპრილს ‘ბათუმს’ ეწვევა, ხოლო ‘ყაზბეგმა’ ჩემპიონატი მე-8 საფეხურზე დაასრულა.
არწივები 5:29 არესი
ქუთაისის ‘არესმა’ ფოთში, „პარკი არენაზე“ უმოტივაციო ოზურგეთის ‘არწივებს’ ბონუსით, 29:5 აჯობა და ფლეი ოფში მე-4 ადგილით გავიდა, რითაც პირველ ეტაპზე საკუთარი მოედნის უპირატესობა დაიბევა, პარალელურად კი „სარბიელის სინი“ შეინარჩუნა. შეგახსენებთ, დებულების თანახმად ფლეი ოფში სინი არ თამაშდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ქუთაისში, ‘არესის’ ოფისში გამოიზაფხულებს.
ფოთში ‘არესი’ მურთაზ ცხადაძის ლელოთი დაწინაურდა, მე-19 წუთზე ლელო ნგლენ თაკაუტინმა მიითვალა, ბონდო აბაშიძემ კი ერთი გარდასახვა და ჯარიმა გამოიყენა – 0:15.
მეორე ტაიმის დასაწყისში ცხადაძემ თავისი მეორე ლელო გაიტანა და აბაშიძემ გარდასახა. პენიასი რანგატამ მასპინძლების ერთადერთი ლელო 65-ე წუთზე გაიტანა, რაზეც გაწითლებულ დროში ნიკა ძნელაძემ უპასუხა და საკუთარ გუნდს ბონუსიც შესძინა, გიორგი თევდორაძემ კი გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 5:29 ‘არესის’ სასარგებლოდ.
ოზურგეთის ‘არწივებმა’ დიდ 10-ში სადებიუტო სეზონი მე-9 პოზიციაზე დაასრულა და უძლიერესთა შორის დასარჩენად პირველი ლიგის მეორეადგილოსანს ორმატჩიან ფლეი ოფში ერკინება.
ხვამლი 88:12 აია
თბილისის ‘ხვამლმა’, რომელიც საჩემპიონო ფლეი ოფში პირველად გავიდა, დასკვნით ტურში უმოტივაციო ქუთაისის ‘აია’ 88:12 დაამარცხა, რეგულარული გათამაშება მე-5 ადგილზე დაასრულა და ‘არესს’ ქუთაისში ეთამაშება.
‘აიას’ მეორე ადგილი დაბევებული ჰქონდა და თბილისს რეზერვით ეწვია, რამაც მატჩის მსვლელობაზე დიდი გავლენა იქონია. მუხიანელებმა მეტოქეს 14 ლელო გაუტანეს, თავად კი ორი მიიღეს.
რეგულარული გათამაშება ხვალ დასრულდება. უქულო და უკვე დაქვეითებული თბილისის ‘აკადემია’, სატურნირო თვალსაზრისით არაფრის მომცემ შეხვედრაში ლიდერს, თბილისის ‘ლელო სარასენსს’ მასპინძლობს. ‘ლელოს’ პირველი ადგილი დაბევებული აქვს და ფლეი ოფის მეორე წრეში, შესარჩევ ფინალში ქუთაისის ‘აიას’ 13 აპრილს დაუხვდება.
RUGBY.GE