ფეხბურთი

2:35 | 14.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკომ" "ინტერი" ჩემპიონთა ლიგიდან გააგდო

მადრიდის „ატლეტიკო“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა. დიეგო სიმეონეს გუნდმა დიდებულ ფორმაში მყოფ „ინტერს“ მაინც აჯობა, მიუხედავად იმისა, რომ პირველი მატჩი წაგებული ჰქონდა და საკუთარ მოედანზე გოლი პირველმა გაუშვა.

მილანში 3 კვირის წინ მასპინძლებმა 1:0 მოიგეს, ხოლო მადრიდში „ნერაძური“ 33-ე წუთზე ფედერიკო დიმარკომ დააწინაურა. სიმონე ინძაგის გუნდისთვის ორბურთიანი უპირატესობა უკვე ხელჩასაჭიდი იყო, მაგრამ ორიოდე წუთში ანტუან გრიზმანმა ანგარიში გაათანაბრა.

შემდეგ „როხიბლანკომ“ მოიპოვა უპირატესობა და აჯობა მეტოქეს. თუმცა, გოლის გატანას ესპანელები ვერ ახერხებდნენ, ეს 87-ე წუთამდე, როდესაც მემფის დეპაიმ შესანიშნავად ითამაშა და მადრიდელები დააწინაურა - 2:1. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში რიკელმეს ყველაფრის დასრულება შეეძლო, მაგრამ ძალიან რეალური მომენტი ვერ გამოიყენა და თამაში დამატებით დროში გადავიდა.

იქ უკვე აღარაფერი შეცვლილა: „ატლეტიკომ“ მატჩი 2:1 მოიგო, ორი მატჩის ჯამში კი, ფრე დაფიქსირდა - 2:2. შესაბამისად, ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა, სადაც „ატლეტიკომ“ 3:2 გაიმარჯვა. სხვათა შორის, "ინტერს" აქამდე 2024 წელს ყველა, 13-დან 13 მატჩი ჰქონდა მოგებული, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა დათმო.

მადრიდელებმა 4-დან 3 პენალტი გაიტანეს, ხოლო იტალიელებმა 5-დან მხოლოდ ორი. იან ობლაკმა ორი პენალტი მოიგერია, ხოლო გადამწყვეტი პენალტი ლაუტარო მარტინესმა არაზუსტად დაარტყა.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ითამაშებენ "ატლეტიკო", "დორტმუნდი", "არსენალი", "პარი სენ-ჟერმენი", "რეალი", "მანჩესტერ სიტი", "ბარსელონა" და "ბაიერნი". წილისყრა 15 მარტს გაიმართება.

„ატლეტიკო“ – „ინტერი“ 2:1 პენ: 3:2 (1:1)

გოლები: 0:1 დიმარკო (33), 1:1 გრიზმანი (35), 2:1 დეპაი (87)

0.129532