ფეხბურთი

14:31 | 13.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

იაშვილი: "ნაკრები საგურამოს ბაზაზე მოემზადება, იქ გუნდი მშვიდად იქნება"

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ნაკრები მარტის მატჩებისთვის საგურამოს ბაზაზე მოემზადება და იქვე იცხოვრებს.

გარდა ამისა, იაშვილმა კომენტარი გააკეთა ირლანდიის ნაკრებიდან ვილი სანიოლის ინტერესზე და ილია თოფურიას შესაძლო დახვედრაზე.

„ჯაბა ნამდვილად მაგალითია იმის, თუ რას ნიშნავს ეროვნული ნაკრების მაისურით თამაში და ძალიან მნიშვნელოვანია გუნდში ასეთი ადამიანის ყოფნა. მისგან საოცარი ემოცია წამოვიდა და ძალიან მიხარია და ამაყი ვარ, რომ გუნდს დაეხმარება.

როგორც არაერთხელ აღვნიშნე, მთავარია, ერთიანობა, ყველას ერთი მიზანი გვაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ და ამ მიზნის გარშემო ვართ გაერთიანებული. ყველა უნდა დავუდგეთ ერთმანეთს მხარში, დავეხმაროთ ერთმანეთს, რათა მიზანს მივაღწიოთ.

ფეხბურთელებთან ჩვენ აქამდეც ჩავდიოდით, ეს ახლა არ დაგვიწყია. ძალიან მნიშვნელოვანია მათთან სიარული და საუბარი. ყველა ფეხბურთელმა იცის ამ მატჩის მნიშვნელობა და მზად არის მენტალურად, ასევე ფიზიკურად. იმედი გვაქვს, რომ შეკრებაზე ყველა ჯანმრთელად ჩამოვა. ამჯერად, გუნდი საგურამოში მოემზადება, სადაც ჩვენი სასტუმროა, ევროპის ჩემპიონატის წინ დაიგო ახალი საფარი და იქ 21-წლამდე ნაკრები ემზადებოდა, ამ მხრივ კარგი გამოცდილება გვაქვს. ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია გუნდს ჰქონდეს მშვიდად მომზადების საშუალება, ბაზაზე მხოლოდ ჩვენ ვიქნებით, რაც მნიშვნელოვანია და იქ ფეხბურთელები თავს კომფორტულად იგრძნობენ.

ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ფეხბურთელებს ნაკრებში სათამაშოდ საუკეთესო პირობები შევუქმნათ. ბოლო წლებში ეს მაქსიმალურად ხდება. მნიშვნელოვანია, რომ ახლა გუნდი ქალაქისგან განცალკევებული იყოს, გაისეირნონ სუფთა ჰაერზე, ვფიქრობთ, რომ გუნდი იქ ყოფნით მხოლოდ თამაშზე იქნება კონცენტრირებული.

სანიოლის მიმართ ირლანდიიდან ინტერესი? არა, ეს არაფერს აზიანებს, პირიქით, კარგიცაა, რადგან ნიშნავს, რომ შენი მწვრთნელი კარგად მუშაობს. თუმცა, მშვიდად ვემზადებით მატჩებისთვის. ამაზე საუბარი ნამდვილად არ ყოფილა, მას ჩვენთან კონტრაქტი წლის ბოლომდე აქვს და არაფერი შეცვლილა.

ძალიან გვიხარია და ვამაყობთ, რომ ილია თოფურიამ, ჩვენმა თანამემამულემ ამხელა წარმატებას მიაღწია. „დინამო არენაზე“ მას დახვედრას სიამოვნებით მოვუწყობთ, მაგრამ მოგეხსენებათ, ეს თამაში უეფას ეგიდით იმართება, ამიტომ უეფასგან გვჭირდება ნებართვა. თუ გვექნება მათგან ეს უფლება, ჩვენ სიამოვნებით მოვუწყობთ დახვედრას სტადიონზე“, - თქვა იაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ლუქსემბურგის ნაკრებს 21 მარტს, თბილისში, „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს. ამ წყვილში გამარჯვებული გუნდი 26 მარტს, ფინალში საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის უმჯობესს შეხვდება. ფინალის მასპინძელიც საქართველო-ლუქსემბურგს შორის გამარჯვებული იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118194