ფეხბურთი

17:18 | 12.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

მატერაცი ზიდანთან ინციდენტზე, კვარაცხელიაზე, საქართველოსა და სხვაზე...

იტალიის ნაკრების და "ინტერის" ყოფილმა მცველმა მარკო მატერაციმ გადაცემა "სპორტი იმედს" ინტერვიუ მისცა, რომელშიც სხვადასხვა თემებზე ისაუბრა.

მატერაცი შეეხო, როგორც თავის განვლილ კარიერას, ისე, ხვიჩა კვარაცხელიას და ქართველი ფეხბურთელების თემას:

საქართველოს შესახებ

"როგორც პრესკონფერენციამდე ვთქვი, ეს ქვეყანა ძალიან გაიზარდა. წლების წინ ვიყავი საქართველოში, სადაც თბილისის ძველ სტადიონზე ვითამაშე, ორი წლის შემდეგ იმავე ადგილას განახლებული სტადიონი დამხვდა, ეს აჩვენებს მიზანდასახულობას და განვითარდების სურვილს. ახლა ბათუმში ჩამოვედი პირველად და უკვე აეროპორტიდან ჩანდა საოცარი ზრდა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანას აქვს ზრდის სურვილი და ამას ახერხებს".

ხვიჩა კვარაცხელიაზე

"ვფიქრობ, გასულ სეზონში ის ნამდვილად იყო სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი, ყოველ შემთხვევაში, თუ საუკეთესო არა, ერთი-ერთი საუკეთესო მაინც. ნაპოლის სკუდეტოს მოგებაში წვლილი შეიტანა, რაც 10 სკუდეტოს ტოლფასია, ვიდრე სხვაგან რომ მოიგო, მაგალითად, მილანში ან ტურინში. ვფიქრობ, მან ნეაპოლელი ხალხი გააბედნიერა და ჩემი აზრით, ყოველთვის გაიხსენებენ, როგორც თითქმის შეუძლებელი მიღწევის ერთ-ერთ ხელოვანს, რადგან ნაპოლის დიდი ხანი არ ჰქონდა სკუდეტო მოგებული, ბოლოს მარადონას დროს, ახლა კი, კვარას დროს მოიგეს".

კახა კალაძესთან მილანურ დერბიში დაპირისპირებებზე

"შესანიშნავი პერიოდი იყო, პირველ რიგში იმიტომ, რომ ვთამაშობდით, თანაც მაღალ დონეზე. ისინი ძალიან ძლიერები იყვნენ, ასევე ჩვენც. მილანში დერბი ძალიან ინტენსიურია, ერთმანეთის მიმართ მაქსიმალური პატივისცემა გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, მოედანზე ეს პატივისცემა დერბიში მონაწილე ფეხბურთელებს გვაკლდა, რადგან ორივე გუნდს ძალიან გვინდოდა გამარჯვება, თუმცა, როცა მატჩი დასრულდებოდა, ყველა მეგობრები ვიყავით და სწორედ ეს არის ქალაქ მილანში პოზიტიური".

დღევანდელ "ინტერზე"

"ინტერს ძალიან კარგი სეზონი აქვს. ჩემი აზრით, ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხით, რომელიც ალბათ არ დაგვიმსახურებია, გამოვიმუშავეთ ის ძალა, რითაც ნებისმიერ მეტოქესთან მოედანზე დომინაციისთვის გავდივართ და ეს აშკარაა".

კვარაცხელიას გარდა, სხვა ქართველ ფეხბურთელებზე

"ზოგიერთის შესახებ ვიცი, მაგრამ უფრო პატარა გუნდებში თამაშობენ. თუმცა, იტალიაში ქართველი ფეხბურთელების რაოდენობა სულ უფრო და უფრო იმატებს, ეს კი აჩვენებს, რომ ქართული ფეხბურთი განვითარდა, იზრდება. ახლა თქვენ ძალიან მნიშვენლოვანი მატჩი გაქვთ ევრო 2024-ის პლეი ოფში და გისურვებთ გამარჯვებას, რადგან ეს ქვეყნისთვის ბევრს ნიშნავს".

ჟოზე მოურინიოზე

"მოურინიოსთან მუშაობა სასიამოვნო იყო, მიუხედავად იმისა, რომ კარიერის ბოლოში ვიყავი. თუმცა მან ჩვენი ფეხბურთი შეცვალა, ახალი მეთოდები დაამკვიდრა. როგორც წესი, როცა არ თამაშობ, ბედნიერიც არ ხარ, მაგრამ მასთან ყოველთვის ბედნიერები ვიყავით, რადგან სიამოვნებას ვიღებდით და ერთად ვიყავით. ყველაფერი მოვიგეთ, რისი მოგებაც შეიძლებოდა და რაც მნიშვნელოვანი იყო".

საუკეთესო თანაგუნდელები და მეტოქეები

"მქონდა ბედნიერება ბევრ დიდ ფეხბურთელთან მეთამაშა - ბაჯო, ტოტი, დელ პიერო, ეტოო, მილიტო, სნეიდერი. ამიტომ, თავს იღბლიან ადამიანად მივიჩნევ. ფეხბურთს თუ სიყვარულისთვის თამაშობ და არა საქმისთვის, სიამოვნებასაც იღებ. თუ გაქვს შესაძლებლობა ითამაშო დიდ ჩემპიონებთან ერთად ან წინააღმდეგ, ეს არის ყველა ბავშვისთვის მაქსიმუმი, რომელიც ოცნებობს ფეხბურთელისთვის".

ვისთან ჰქონდა ყველაზე კარგი ურთიერთობა ფეხბურთში

"ვიღაც უნდა გამომრჩეს... თუმცა, ვიტყვი, რომ კივუ და სტანკოვიჩთან ძმებივით ვიყავით, მოედნის მიღმაც. მაგრამ არ შემიძლია დავივიწყო ის, რომ ისეთ ლეგენდასთან მქონდა თამაშის საშუალება, როგორც ძანეტია. ასევე ეტოო, რომელმაც ორჯერ მოიგო ტრიპლეტი, მილიტო, მაიკონი, ჟულიო სეზარი. ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა".

მსოფლიოს ჩემპიონობა თუ ჩემპიონთა ლიგის მოგება (2006-2010)

"ყოველთვის ვამბობ, რომ ეს იგივეა აირჩიო დედას და მამას შორის. არ შემიძლია ავირჩიო, შეიძლება ერთმანეთისგან რაღაცით განსხვავდებიან, მაგრამ მთლიანობაში ერთი და იგივეა".

მატჩი, რომელსაც თავიდან ითამაშებდა

"2002 წლის 5 მაისის მატჩს, როცა სკუდეტო რომში დავკარგეთ".

ზიდანთან ინციდენტი

"სიმართლე ისაა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ვითამაშეთ, მან გოლი გაიტანა, მე ორი გოლი გავიტანე (გულისხმობს პენალტებშიც გატანილ გოლს - რედ) და ჩვენ გავიმარჯვეთ".

0.115043