კრიშტიანუ რონალდუს „ალ-ნასრი“ აზიის ჩემპიონთა ლიგას მეოთხედფინალურ სტადიაზე გამოეთიშა.
„ალ-ნასრს“ არაბეთის გაერთიანებული საამიროების კლუბ „ალ-აინთან“ სტუმრად 0:1 ჰქონდა წაგებული, მაგრამ საკუთარ მოედანზე სიტუაცია ვერ შეცვალა.
„ალ-აინი“ 45-ე წუთისთვის 2:0 დაწინაურდა და ორი მატჩის ჯამში უკვე სამბურთიანი უპირატესობა ჰქონდა. პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში საუდელებმა ერთი ბურთი გაქვითეს, ხოლო მეორე ნახევარში კიდევ ორი გაიტანეს და 3:2 დაწინაურდნენ. ორი მატჩის ჯამში ანგარიში 3:3 იყო და დამატებითი დრო დაინიშნა. 103-ე წუთზე სტუმრებმა გაათანაბრეს, რასაც 118-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუს ზუსტი პენალტი მოჰყვა - 4:3.
„ალ-ნასრმა“ მატჩი 4:3 მოიგო, მაგრამ ორი მატჩის ჯამში, რადგან ანგარიში 4:4 იყო, პენალტების სერია დაინიშნა, რომელშიც „ალ-აინმა“ 3:1 გაიმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა. „ალ-ნასრის“ რიგებიდან ერთადერთი პენალტი ზუსტად რონალდუმ შეასრულა, ხოლო მარსელო ბროზოვიჩმა, ალექს ტელეშმა და ოტავიომ თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანეს. „ალ-აინის“ მხრიდან სამიდან სამი პენალტი იყო ზუსტი. სხვათა შორის, "ალ-აინის" მწვრთნელი ერნან კრესპოა.
აზიის ჩემპიონთა ლიგის დანარჩენი სამი მეოთხედფინალური მატჩი სამშაბათს და ოთხშაბათს გაიმართება: ვაკო ყაზაიშვილის „შანდონ ტაიშანი“ „იოკოჰამა მარინოსს“ ესტუმრება, „ალ-იტიჰადი“ „ალ-ჰილალს“ დაუხვდება, ხოლო „ულსანის“ მეტოქე „ჩონბუკი“ იქნება.