რაგბი

10:30 | 11.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ლიგა | ‘ტაომ’ პირველობა გაინაღდა

პირველი ლიგის რეგულარული სეზონის დასკვნითი ტურის წინ ‘ტაომ’ პირველი ადგილი გაინაღდა. მესხებმა მდევარ ‘დინოზავრს’ 6 ქულით გაუსწრეს. მოწინავე კვარტეტი ‘გორმა’ და ‘არმიამ’ შეავსეს. შიდა ქართლელები „არმიელებს“ 10 ქულითა და პირისპირ ბალანსით აღემატებიან და შესაბამისად ცხრილში მესამე ადგილი დაბევებული აქვთ. ‘არმია’ ჯგუფურ ეტაპს მეოთხე ადგილზე ასრულებს. ‘ლოკომოტივი’ და ‘ვეფხვები’ კი 35-35 ქულით ადგილს პლეი ოფის ზონაში ინარჩუნებენ.

მე-7 ადგილზე მყოფი ‘იუნკერები’ მოწინავე ექვსეულს 4 ქულით ჩამორჩება და პლეი ოფში მოხვედრის გარკვეულ შანსაც ინარჩუნებს. ‘მათემ’ დამრჩენ, მე-8 პოზიციაზე აინაცვლა და პლეი აუტის ადგილზე მყოფ ‘არმაზს’ 2 ქულით უსწრებს. აღსანიშნავია, რომ დასკვნით ტურში ‘მათე’ და ‘არმაზი’ ერთმანეთს ზემო იმერეთში დაუპირისპირდებიან.

ბოლოადგილოსანი ‘ბაგრატი’ ‘არმაზს’ 3 ქულით ჩამორჩება. რიონისპირელები ჯერ გადადებულ შეხვედრას ‘არმიასთან’ სტუმრად გამართავენ, დასკვნით ტურში კი ‘ვეფხვებს’ უმასპინძლებენ. ‘ბაგრატმა’ ბოლო, გასავარდ ადგილს თავი შესაძლოა 1 მოგებითაც დააღწიოს. ასე რომ დასკვნით ტურში ქომაგს რამდენიმე უშეღავათო ბრძოლის ხილვა მოელის.

ასპინძაში, ‘ტაომ’ ‘ლოკომოტივთან’ ლაღი, თვალსასეირო ბურთაობა გააჩაღა. მესხები მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ და ქვეყნის 10-გზის ჩემპიონს კომბინაციურ სტილში 8 ლელო დაუდეს. ‘ტაოს’ ფიჯელმა ფრთა ნაიბუკა ლადინივასამ „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა. „რკინიგზელებმა“, ბურჯ ზურა აფციაურის „დუბლით“ ანგარიშში სხვაობა მცირედით შეამცირეს. ‘ტაომ’ დამაჯერებლად იმარჯვა – 50:22.

ლიდერის მდევარი წყალტუბოს ‘დინოზავრი’ პრინციპულ მეტოქე ‘არმიას’ ლოკომოტივის’ ბაზაზე შეთხელებული შემადგენლობით ესტუმრა. იმერელთა მდგომარეობა მატჩის მსვლელობისას უამრავი მოთამაშის მიერ მიღებულმა ტრავმებმა დაამძიმა. მას შემდეგ რაც ‘დინოზავრი’ მოედანზე 10 კაცის ამარა დარჩა, მატჩის მთავარმა არბიტრმა შოთა ცაგარეიშვილმა ორივე გუნდის მესვეურთა ერთობლივი თხოვნა დააკმაყოფილა და მატჩის საბოლოო ანგარიში 57-ე წუთზე დააფიქსირა. იმ მომენტისთვის ‘არმიას’ 8 უპასუხო ლელო ქონდა დადებული, თანაც ფულბეკმა საბა დათიაშვილმა „ჰეთ-თრიკის“ შესრულებაც მოასწრო. ‘არმიამ’ მატჩი „მშრალი“ ანგარიშით – 54:0 მოიგო.

პატარძეულის ‘ვეფხვები’ ჭიათურის ‘მათეს’ დედაქალაქში, ვაზისუბნის სარაგბო არენაზე დაუხვდა. მატჩი უაღრესად დაძაბული გამოდგა. მეტოქეებმა მთლიანობაში 4-4 ლელოს გატანა მოახერხეს. შესვენებაზე გარე კახელები 6 ქულიანი უპირატესობით წავიდნენ. კვაჭ დათუნა ხიდეშელის „დუბლით“ ‘ვეფხვები’ ანგარიშში 5 ქულიან სხვაობას ბოლო წუთამდე ინარჩუნებდა.

‘მათე’ მედგრად იბრძოდა და პრაქტიკულად ბოლო შეტევაში, პატარძეულელთა სალელოვე ხაზთან, გარე კახელთა მხრიდან მაღალი ბოჭვისთვის მთავარმა არბიტრმა სულხან ჩიხლაძემ ზემო იმერელთა სასარგებლოდ საჯარიმო ლელო დააფიქსირა. ‘მათემ’ დრამატული შეხვედრა – 26:24 მოიგო და გარე კახელები ნუგეშ-ქულას დააჯერა. აღსანიშნავია, რომ ლიდერ ‘ტაოს’ დამარცხების შემდეგ ‘ვეფხვებმა’ მიჯრით მეოთხე შეხვედრა დათმო.

ვაზისუბანში ტურის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. მარნეულის ‘არმაზმა’ თეთრი წყაროს ‘იუნკერებთან’ რიხით დაიწყო შეხვედრა, 3 ლელო გაიტანა და ტაიმის მიწურულს ანგარიშში 16 ქულიან უპირატესობას დაეუფლა. შეხვედრის დარჩენილი ნაწილი კი გარისელთა სრული უპირატესობით წარიმართა.

‘იუნკერებმა’ ანგარიშში სხვაობა ჯერ კვაჭ ლუკა ღოღობერიძის დადებული ლელოთი შეამცირეს, მეორე ტაიმში კი სტუმართა შუამარბმა დევი დევსურაშვილმა „დუბლი“ შეასრულა, ხოლო გარისელთა ფულბეკი არჩილ იაშაღაშვილი მატჩის ყველაზე შედეგიან მოთამაშედ იქცა. იაშაღაშვილმა დადებულ ლელოს, 3 გარდასახვა და 1 გატანილი ჯარიმაც დაურთო. შეხვედრის ბოლო წუთებზე ‘არმაზის’ მგეზავ ოთარ მეტრეველის შესრულებული „დუბლის“ მიუხედავად, ქვემო ქართლელები საცხრილო ქულის გარეშე დარჩნენ. მატჩი ‘იუნკერებმა’ – 34:26 მოიგო.

ჭალის დასახლებაში, ადგილობრივ ‘გორთან’ ქუთისის ‘ბაგრატი’ კარგა ხნის მანძილზე უპირატესობას ფლობდა. რიონისპირელთა მხტომელ ლევან ორაგველიძის გარდაუსახავ ლელოს, შუამარბმა საბა ხელაძემ 4 გატანილი ჯარიმა დაურთო და მეორე ტაიმის შუაწელს სტუმართა უპირატესობამ 11 ქულას უწია. ‘გორმა’ სისწრაფეს უმატა, მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა და დარჩენილ დროში 3 უპასუხო ლელოს / ფრთა დავით მთვარაძე, შუამარბი ნიკა შველიძე და ფულბეკი ქეინ სტენდლერი/ დადება მოახერხა, თუმცა გაცუდებულმა გარდასახვებმა ‘ბაგრატს’ანგარიშში 4 ქულიან უპირატესობა მატჩის ბოლო წუთამდე შეუნარჩუნა. „გაწითლებულ“ დროზე, ბოლო შეტევაში შიდა ქართლელებმა საკუთარი 22-იდან წამოღებული ოვალი სტენდლერის გატანილი ლელოთი დააგვირგვინეს და რიონისპირელები ნუგეშ-ქულის ამარა დატოვეს. ‘გორმა’ მატჩი – 20:17 მოიგო.

RUGBY.GE

0.119294