მეორე ოქრო დიორიდან, ტყვიის მსროლელთა ევროპის ჩემპიონატიდან, რომელიც ახალგაზრდებში საქართველოს გოგონათა ნაკრებმა მოიპოვა. მართალია, პირადი პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ ფინალში ჩვენი სამეულიდან მხოლოდ მარიამ ფროდიაშვილი გავიდა, თუმცა მარიამ აბრამიშვილს და სალომე ფროდიაშვილსაც კარგი შედეგები ჰქონდათ, რამაც გუნდურში გამარჯვება მოგვიტანა (შეგახსენებთ: აქ ისევ ძველი წესი დააბრუნეს - ცალკე ტურნირი აღარ იმართება, სამივე მონაწილის შედეგები ჯამდება და ასე ვლინდებიან მედალოსნები) - ჩვენს სამეულს 1695 ქულა დაუგროვდა და მთელი 14 ქულით (!) გაუსწრო მეორეზე გასულ იტალიას! მესამე შედეგი გერმანიას აღმოაჩნდა - 1677 ქულა.
საინტერესოა, რომ მარიამ ფროდიაშვილმა ევროპირველობაზე მეორე ოქრო მოიპოვა და მესამესთვის აგრძელებს ბრძოლას.
თავის მხრივ, გიორგი მუმლაძემ ამჯერად ვერ შეძლო მედლის მოპოვება და ევროპის ჩემპიონატზე მე-5 ადგილზე დარჩა. ქუთაისელი ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებში შერეულ წყვილებში უნგრულ დიორში მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე 27 თებერვალს ასევე ახალგაზრდებში პირად პირველობაში გამოვიდა და ფინალის საგზურიც მოიპოვა, იქ 3 ბარიერიც გაიარა და საბოლოოდ მე-5 საფეხურზე დაასრულა გამოსვლა - 177.1 ქულა.
ჩემპიონი პოლონელი ივან რაკიტსკი გახდა 240.6 ქულით, ვინც ფინალში ბოლო მონაწილედ შევიდა - საკვალიფიკაციოში მერვე იყო. ფინალში მან სულ რაღაც 0.3-ით გადაასწრო გერმანელ ანდრეას კოპლს - 240.3, ბრინჯაო კი საკვალიფიკაციოს მომგებმა რუმინელმა ლუკა იოლდეამ დაისაკუთრა 219.8 ქულით.