საუდის არაბეთის ოთხმა უმდიდრესმა კლუბმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მთავარ სამიზნედ „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი დაასახელა. ამის შესახებ The Times იტყობინება.
წყაროს ცნობით, ეს კლუბებია „ალ-იტიჰადი“, „ალ-აჰლი“, „ალ-ნასრი“ და „ალ-ჰილალი“, რომელთა საკონტროლო აქციები საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდს ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ ეს კლუბები ბელგიელ ვარსკვლავს უაღრესად ხელსაყრელი შეთავაზების გაკეთებას აპირებენ.
ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი „სიტისთან“ 2025 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი, წელიწადში 20 მილიონი ევროს ანაზღაურებით. Transfermarkt მას 60 მილიონ ევროდ აფასებს.
მიმდინარე სეზონში, მძიმე ტრავმის გამო კევინ დე ბრუინმა „მანჩესტერ სიტიში“ მხოლოდ 10 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 2 გოლი და 8 საგოლე გადაცემა შეძლო.