რაგბი

15:50 | 23.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | ‘აია’ ლიდერობას ინარჩუნებს

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფში 3 ტურის შემდეგ ცხრილის სათავეში მაქსიმალური შედეგით, 15 ქულით ‘აია’ რჩება. ლიდერს 1 ქულით ‘ლელო’ ჩამორჩება. რიონისპირელთა მსგავსად, ჩემპიონმაც პირველობის სამივე შეხვედრა მოიგო, თუმცა 1 მატჩში პრემიალური ქულის აღება ვერ მოახერხა. მორიგ ტურში განსაკუთრებულ ინტერესს ლიდერთა დაპირისპირება იწვევს. მესამე მასივის არენაზე, 28 თებერვალს აღნიშნულ რკენაში წარმატებული გუნდი პირველობის რეალურ ლიდერად იქცევა.

2-2 მოგებით მოწინავე კვარტეტში ‘აკადემია’ და ‘ბათუმი’ იმყოფებიან. „მხატვრებმა“ აჭარლებზე 1-ით მეტი, 9 ქულა დააგროვეს და მესამე პოზიციაზე განთავსდნენ. მორიგ ტურში პრინციპული მეტოქეები ერთმანეთს აჭარის დედაქალაქში დაუპირისპირდებიან. აღსანიშნავია, რომ კარგი თამაშის მიუხედავად, ‘ბათუმს’ მიმდინარე პირველობაზე ლელო ჯერაც არ გაუტანია.

მოწინავე კვარტეტს 5-5 ქულით კვალში ‘წიქარა’ და ‘ხარები’ უდგანან. ‘წიქარა’ ქვემო ქართლელებს პირისპირ ბალანსით აღემატება. მოუგებლად, ნუგეშ-ქულის ამარა მყოფი ბრინჯაოსმედალოსანი არმია’ ცხრილის ბოლოსწინა საფეხურზე რჩება. პირველობის დებიუტანტი და აუტსაიდერი ‘ტაო’ კი კვლავაც პირველი სამატჩო და საცხრილო ქულების მოლოდინშია.

ჩემპიონატის ლიდერ ‘აიას’ ჯეროვანი წინააღმდეგობა რუსთავის ‘ხარებმაც’ ვერ გაუწია. „აია არენაზე“, შუამარბ ვახო ვაშაკიძისა და მღლეტელი კაპიტნის კახა კაპანაძის გატანილი ლელოებით რიონისპირელებმა პირველი ნახევარი 12 ქულით მოიგეს. ‘აია’ მეტოქეს ხაზსშიც და სტატიკაშიც აღემატებოდა. მეორე ტაიმში ნიკოლოზ ლაღაძის შეგირდთა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა, რაც მასპინძელთა გატანილ კიდევ 5 უპასუხო ლელოში აისახა. რიონისპირელთა მარბიელმა საბა ფხაკაძემ „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა. მატჩი კი ‘აიამ’ სეზონში „მშრალი“ ანგარიშით პირველად მოიგო – 41:0.

მესამე მასივში, ‘ლელომ’ პირველობის დებიუტანტი ‘ტაო’ პირწმინდად დაჩაგრა. ჩემპიონმა აუტსაიდერ მესხებს 17 უპასუხო ლელო დაუდო, „მშრალი“ ანგარიშით სეზონში მეორედ იმარჯვა და თან ჩემპიონატში პირველი სამნიშნა ციფრით მოგებაც დააფიქსირა-109:0. ‘ლელოს’ წარმატებას სათავე ფულბეკ ანდრო კუნჭულიას გატანილმა ლელომ დაუდო, წერტილი კი კუნჭულიას ნაცვლად თამაშში ჩართულ აჩი თოთიაურის დადებულმა ლელომ დაუსვა. ჩემპიონის რიგებში მარქაფადან შესული ბურჯი საბა ჯიბღაშვილი გამოირჩა, ვინაც მეორე ტაიმში „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა.

„რაგბი ჭალაში“, ‘არმია’-აკადემიას’ დედაქალაქური დერბი „მხატვართა“ უპირატესობით წარიმართა. ნიკა ჩიტალაძის შეგირდები შუამარბი კაპიტნის დაჩი იმედაძის გარდასახული ლელოთი დაწინაურდნენ. ‘არმიამ’, მხტომელ ნიკოლოზ ლომიძის გარდაუსახავი ლელოთი ანგარიშში სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა, თუმცა ტაიმის მიწურულს ‘აკადემიას’ შუამარბმა დემეტრე დევდარიანმა ზუსტ გარდასახვას გატანილი ჯარიმაც დაურთო და შესვენებაზე „მხატვრები“ 5 ქულიანი უპირატესობით წავიდნენ.

მეორე ტაიმში ‘აკადემიამ’ უპირატესობა გაიღრმავა და თან დაცვაში ხისტი, საიმედო თამაშითაც გამოირჩა. მართალია, სტუმართა ფულბეკ სანდრო რობაქიძის დადებული ლელოს გარდასახვა დევდარიანს გაუცუდდა, თუმცა „მხატვართა“ სეზონში მეორე გამარჯვება სწორედ დევდარიანის გატანილმა ჯარიმამ დააფიქსირა – 18:5.

„რაგბი ჭალას“ არენაზე ტურის კიდევ ერთ შეხვედრა გაიმართა. ‘წიქარამ’ ‘ბათუმს’ უმასპინძლა. თანაქალაქელი უფროსი ჭაბუკების მსგავსად, ბათუმელები პროგრესირებენ და თამაშის ხარისხსაც მეთოდურად აუმჯობესებენ. გელა ჭოველიძე უკვე მეორე წელია, რაც მშობლიური ქალაქის უმცროს ჭაბუკთა გუნდს ნაყოფიერად დამრიგებლობს და ბათუმელთა რამდენიმე მოთამაშე საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მესვეურთა თვალთახედვის არეშიც იმყოფება.

ულელოო შეხვედრის ბედი პრაქტიკულად პირველ ტაიმში გადაწყდა. აჭარლები დაცვაში საუცხოოდ ირჯებოდნენ და თან მასპინძლებს დერეფანშიც აღემატებოდნენ. ბათუმელთა მგეზავი კაპიტნის მათე მახარაძის გატანილი 3 ჯარიმით ‘ბათუმი’ შესვენებაზე 9-ქულიანი უპირატესობით წავიდა. მეორე ტაიმში მატჩის სურათი არ შეცვლილა. ‘წიქარას’ გარდატეხის შესაძლებლობა ბათუმელთა „ჩაბეტონებულმა“ დაცვამ არ მისცა. მათე მახარაძეს კი ჯარიმებით ანგარიშის გაზრდის რეალური შანსი რამდენჯერმე მიეცა, თუმცა ბათუმელთა კაპიტანს სამიზნემ უმტყუნა, რამაც პირველი ტაიმის ანგარიში უცვლელი დატოვა – 9:0.

RUGBY.GE

0.113087