პირველი ლიგის მე-15 ტური უაღრესად დაძაბული ბრძოლებით გამოირჩა. ტურის 5-ივე შეხვედრაში გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წუთებზე გაირკვა. სატურნირო ცხრილის სათავეს ‘ტაო’ დაუბრუნდა. მესხებმა ‘დინოზავრს’ სეზონის მეორე მატჩიც მოუგეს, 59 ქულა დააგროვეს, წყალტუბოელები მეორე ადგილზე ჩაანაცვლეს და იმერლებს ცხრილში 1 ქულით გადაასწრეს. ‘გორმა’ სეზონში მე-10 გამარჯვებით მოწინავე სამეულში ადგილი გაიმყარა და ‘დინოზავრს’ 10 ქულით ჩამორჩება. ‘არმია’ 41 ქულით მეოთხე პოზიციას ინარჩუნებს და ‘გორს’ 7 ქულით ჩამორჩება. ‘არმიას’ მარაგში ‘ბაგრატთან’ გადადებული შეხვედრაც რჩება.
მე-5 პოზიციაზე ‘ლოკომოტივმა’ აინაცვლა. 34 ქულის მქონე „რკინიგზელები“ ქულებით ‘ვეფხვებს’ გაუტოლდნენ და უკეთესი პირისპირ ბალანსის ქონის გამო გარე კახელებს ცხრილში ადგილი გაუცვალეს. პლეი ოფის ზონაში მყოფი ექვსეული მდევარს 11 ქულით უსწრებს და ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი კვარტეტის ერთადერთ ამოცანას ლიგაში ადგილის შენარჩუნება წარმოადგენს.
მე-7 პოზიციაზე ‘იუნკერები’ იმყოფება. გარისელები მდევარ ‘მათეს’ 3 ქულით უსწრებენ. ცხრილის ბოლო 2 საფეხურზე, ქულებით ტოლად მყოფმა ‘არმაზმა’ და ‘ბაგრატმა’ წარმატებული თამაშის შემდეგ ზემო იმერლებთან ჩამორჩენა 1 ქულამდე შეამცირეს. ქვემო ქართლელები ცხრილში რიონისპირელებს პირისპირ ბალანსით აღემატებიან და შესაბამისად პლეი აუტის ადგილს ინარჩუნებენ.
მე-15 ტურში განსაკუთრებულ ინტერესს ლიდერთა დაპირისპირება იწვევდა. „აია არენაზე“, დინოზავრი’-‘ტაოს’ საკულტო შეხვედრაში ქომაგმა 2 განსხვავებული ტაიმი იხილა. მატჩის პირველი ნახევარი მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა. წყალტუბოელთა კვაჭ გიორგი ტორაძის გარდაუსახავი ლელოსა და მგეზავ დავით გობეჯიშვილის გატანილი წყვილი ჯარიმით, ‘დინოზავრმა’ ტაიმი – 11:3 მოიგო. მესხებმა პირველი სამატჩო ქულები მგეზავ გივი ცინცაძის გატანილი ჯარიმით ტაიმის ბოლო წუთზე აიღეს. რომ არა, შეტევის გადამწყვეტ ფაზაში დაშვებული უამრავი შეცდომა, ზაზა ჩირგაძის შეგირდთა ანგარიშში უპირატესობა შესაძლოა გაცილებით სოლიდური ყოფილიყო.
მეორე ტაიმში თამაშის სურათი მკვეთრად შეიცვალა. ‘ტაოს’ მხსნელად სრულფასოვანი მარქაფა მოევლინა. შეცვლაზე შესულმა ‘ტაოს’ მორაგბეებმა გაზრდილი ტემპითა და დროული გადაწყობით ‘დინოზავრს’ დიდი პრობლემები შეუქმნეს. მესხთა ფიჯელმა შუამარბმა ლაისიასა ბოგიდრაუმ და კვაჭმა თამაზ კილაძემ მასპინძლებს 2 უპასუხო ლელო დაუდეს. კილაძემ ლელო „გაწითლებულ“ დროზე მოლით გაიტანა, რომლის გარდასახვა ცინცაძემ ზუსტად შეასრულა. დრამატული შეხვედრაში ‘ტაომ’ – 15:14 იმარჯვა.
„ჭალის დასახლებაში“, ადგილობრივი ‘გორისა’ და თეთრი წყაროს ‘იუნკერების’ შეხვედრა უხვქულიანი და დაძაბული გამოდგა. მეტოქეებმა მთლიანობაში 3-3 ლელო გაიტანეს. შიდა ქართლელები შესვენებაზე 2 ქულიანი უპირატესობით წავიდნენ. მატჩის მეორე ნახევარში ‘გორმა’ უპირატესობა გაიღრმავა და 12 ქულის სხვაობითაც დაწინაურდა. მასპინძელთა რიგებში ლელოს გატანა მარბიელმა ნიკა წივწივაძემ, ფულბეკმა კაპიტანმა ნიკა ბიწაძემ და ფიჯელმა მხტომელმა კინი ტაუკეისალილმა მოახრხეს. ‘იუნკერები’ კი ბოლო წუთებზე მარბიელ ავთო ნიკოლაძის გატანილი ლელოთი ნუგეშ-ქულას გამორჩნენ. ‘გორმა’ გარისელებს სეზონის მე-2 ქართლური დერბიც მოუგო, ამჯერზე – 30:25.
ვაზისუბნის სარაგბო არენაზე ტურის 2 შეხვედრა გაიმართა. დარჩენაზე მებრძოლი მარნეულის ‘არმაზი’ მეოთხე პოზიციაზე მყოფ ‘არმიას’ დაუხვდა და ფავორიტს პირველ ტაიმში 13 უპასუხო ქულა აუღო. ‘არმაზის’ მგეზავმა ოთარ მეტრეველმა დადებულ ლელოს, გატანილი არეკნიც წაუმატა, ხოლო ქვემო ქართლელთა ფრთა გივი გაბუნიამ ზუსტ გარდასახვას, გატანილი ჯარიმაც მიაყოლა.
მეორე ნახევარში ‘არმია’ საგრძნობლად გააქტიურდა. „არმიელთა“ ხაზი პროდუქტიულად ამოქმედდა, რის შედეგად ლეგიონერებმა: მგეზავმა მერლს პიტერსმა და ფულბეკმა კინი დაგლასმა ლელოს გატანა მოახერხეს. პიტერსმა ორივე გარდასახვა გამოიყენა და საკუთარი გუნდი გამარჯვებას მიუახლოვა. ‘არმაზი’ არ შედრკა და „გაწითლებულ“ დროში მოპოვებული ჯარიმა გაბუნიამ ზუსტად შეასრულა. ქვემო ქართლელებმა 4-მატჩიანი მარცხიანი სერიის შემდეგ მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს – 16:14.
პატარძეულის ‘ვეფხვებმა’ ქვეყნის 10-გზის ჩემპიონ ‘ლოკომოტივს’ ვაზისუბანში უმასპინძლა. პატარძეულის სარაგბო არენის უხარისხო მოედნის საფარის გამო, გარე კახელებს რეგიონს მიღმა საშინაო შეხვედრათა გამართვა პერიოდულად უწევთ. თავდაპირველად ‘ლოკომოტივი’ მარბიელ ლაშა შერგელაშვილის გარდაუსახავი ლელოთი დაწინაურდა, რის შემდგომ მეორე ტაიმის შუაწელამდე უპირატესობას გარე კახელები ფლობდნენ.
‘ვეფხვებმა’ ტაიმი კვაჭ დათუნა ხიდეშელის გარდასახული ლელოთი მოიგო, მეორე ნახევარში კი პატარძეულელთა უპირატესობა ბურჯ რამაზ მაზმიშვილის გატანილმა ლელომ გაამყარა. გარე კახელთა ფულბეკმა ლაშა გურგენიძემ მეორე გარდასახვაც ზუსტად შეასრულა. მოახლოებულმა მარცხმა ‘ლოკომოტივი’ გამოაფხიზლა. „რკინიგზელებმა“ სისწრაფეს უმატეს, სტატიკაშიც იძალეს და მღლეტელ გიორგი პიტიურიშვილისა და მხტომელ ზვიად ბლიაძის დადებული ლელოებით ‘ვეფხვებს’ სეზონის მეორე მატჩიც მოუგეს – 17:14.
„აია არენამაც“ ტურის 2 შეხვედრას უმასპინძლა. ‘ბაგრატი’-‘მათეს’ იმერული დერბი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და დრამატული ფინალით დასრულდა. მეტოქეებმა 3-3 ლელო გაიტანეს. რიონისპირელთა რიგებში ლელოს გატანა მგეზავმა ზვიად ოდიშარიამ, ფრთა ზურა ჩხობაძემ და შუამარბმა ამირან მაჩიტიძემ მოახერხეს. მატჩის კულმინაციად ბოლო წუთები იქცა. მარქაფადან ჩართული ‘მათეს’ კვაჭ შოთა მაღლაკელიძის გატანილმა ლელომ, მთელი მატჩის განმავლობაში მდევრის როლში მყოფ ზემო იმერლებს შეხვედრის ფრედ დასრულების შანსი მისცა, თუმცა სტუმართა ფიჯელ ფულბეკ როკოდინონო მაიკელის მახვილი კუთხიდან გარდასახვა გაუცუდდა და გამარჯვებაც ‘ბაგრატს’ დარჩა – 20:18.
RUGBY.GE