ბლოგი

15:39 | 11.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

რუსეთის „გამაყრუებელი სიჩუმე“

რამდენიმე დღეში ორი წელი გახდება რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრიდან და დასავლეთის მხრიდან რუსეთის სხვადასხვა სფეროში იზოლაციის მცდელობიდან. „მცდელობას“ იმიტომ ვამბობ, რომ ბევრ საკითხში რუსეთის იზოლაცია სამწუხაროდ ვერ მოხერხდა და ეს ტერორისტული სახელმწიფო კვლავინდებულად ახერხებს იარაღის და სხვა მნიშვნელოვანი ტექნიკის სხვა, მასსავით დიქტატორული რეჟიმების მქონე ქვეყნებიდან შეძენას. თუმცა, რაშიც რუსეთის იზოლაცია ნამდვილად მოხერხდა, ეს სპორტია და რამდენიც არ უნდა ვაკრიტიკოთ სპორტში არსებული მანკიერებები, აღმოჩნდა, რომ ყველაზე ჯანსაღი მიდგომები მსოფლიოში სწორედ სპორტის მესვეურებს ჰქონიათ.

თუმცა, მსოფლიო სპორტულ საზოგადოებას დღემდე უამრავი ღირებულებითი პრობლემა გააჩნია და დღესაც ბევრი „ჭკუის კოლოფი“ ამტკიცებს, რომ რუსი სპორტსმენების სხვადასხვა სახით დაბლოკვა და რუსული ნაკრებების და კლუბებისთვის ასპარეზის წართმევა არასწორია, თითქოს სპორტი და პოლიტიკა რუსეთში ვინმესთვის სხვადასხვა რამ იყოს. სამწუხაროდ, არამხოლოდ პოლიტიკურად ანგაჟირებული ან უბრალოდ „ცხელთავიანი“ ხალხი იძახის ამას.

მიუხედავად მრავალი აზრისა, ფაქტია, რომ, როგორც უკვე ვთქვით, მსოფლიო სპორტულმა საზოგადოებამ ადრე მისთვის ნაკლებად დამახასიათებელი ერთიანობა გამოამჟღავნა და თუკი ცალკეულ შემთხვევებს არ ჩავთვლით, რუსული სპორტი ამ ორი წლის განმავლობაში კეთროვანი და ყველასთვის არასასურველი პარტნიორი, მეტოქე თუ მოკავშირე გახდა.

ცალკე ქილიკისა და საყოველთაო დაცინვის საგანია რუსეთის სხვადასხვა სახეობის ნაკრებები, რომლებიც ამხანაგური შეხვედრების ჩატარების მცდელობებშიც უსუსურები გამოდგნენ და იძულებულები არიან ერთმანეთს რუსეთის ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებები ათამაშონ, საერთოდ რომ არ დაავიწყდეთ, რას ნიშნავს ნაკრების იდეა ქვეყნისთვის და რატომ უნდა არსებობდეს გუნდი, რომელიც ქვეყნის არსებობის აზრს და სახეს წარმოადგენს.

ამ ყველაფერის ფონზე, ე.წ. რუსული იმპერიალიზმისა და „რუსული აზროვნების“ კარგად მცოდნე ადამიანებსაც კი უკვირთ სპორტის მოყვარული რუსების ასეთი სამარცხვინო სიჩუმე, სიბეჩავე და უღირსებობა. სიმართლე რომ ვთქვათ, ქართველები ისედაც ნაკლებად ველოდით (რადგან ბევრ სხვაზე კარგად ვიცნობთ რუსეთს), რომ რუსული სპორტის ქომაგები გადაირეოდნენ და ხელისუფლებას ჩამოაგდებდნენ, მაგრამ ასეთი გატრუნვა და არაფრის თქმა იმაზე, რაც მათმა დიქტატორმა დამართათ, დიდი უღირსობის გამოხატულებაა და კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ რუსეთში ხელისუფლებაც, სპორტსმენიც და სპორტის ქომაგიც ერთნაირად არიან მოწამლული იმპერიალიზმის ბაცილით და მათი რაიმე სახით შეცვლა-შემობრუნების იმედი კიდევ დიდხანს არ უნდა გვქონდეს.

არადა, რუსეთის პროპაგანდისტებს მუდმივად ჰქონდათ სათქმელად თუ რამდენი ფული ჩაიდო მათი სპორტის განვითარებაში, როგორ ააშენეს ახალი დარბაზები და მოედნები, როგორც „გამოსტყუეს“ მსოფლიოს ზამთრის ოლიმპიადის და მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება და ამ გზით როგორ გახდნენ „ერთ-ერთ მოწინავე სპორტული ერი და ქვეყანა მსოფლიოში“.

ამ ყველაფრის შემდეგ კი ასეთი „გამაყრუებელი“ სიჩუმე... ჭეშმარიტად რუსეთის მკვიდრი უნდა იყო, სპორტის განადგურება ასე ურცხვად რომ მოითმინო, თვალი დახუჭო და ბოროტებასთან ასე ღიად ითანამშრომლო...

იმედია, ეს ამბები სამომავლოდ ყველას დაარწმუნებს, რომ რუსეთთან თუნდაც სპორტის კუთხით თანამშრომლობა შეუძლებელია. უბრალოდ შეუძლებელია და მორჩა!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110811