ირანის ფეხბურთის ფედერაციამ ფიფას ისრაელის საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთის თხოვნით მიმართა. მიზეზი ღაზას სექტორში მიმდინარე სპეცოპერაციაა.
„ირანი მოუწოდებს ფიფას და მის წევრ ორგანიზაციებს ბოიკოტი გამოუცხადონ ისრაელს იმ არაადამინური ქმედებებისა და სამხედრო დანაშაულის გამო, რომელსაც ის პალესტინაში ჩადის. ფიფასა და საფეხბურთო ასოციაციების სწრაფი რეაგირება იქცევა სიმბოლოდ იმ სოციალური პასუხისმგებლობისა, რომელიც საფეხბურთო სამყაროშია დამკვიდრებული“ - წერია ირანის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, ისრაელის საფეხბურთო ნაკრების საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთას ახლო აღმოსავლეთის 12 ქვეყანაც ითხოვს: პალესტინა, საუდის არაბეთი, ყატარი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ბაჰრეინი, ერაყი, იორდანია, ქუვეითი, ლიბანი, ომანი, სირია და იემენი.