სხვა

10:03 | 9.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

დღეს თბილისში ფარიკაობის მსოფლიო თასის გათამაშება იწყება

დღეიდან, 9 თებერვლიდან, სამი დღის განმავლობაში თბილისის სპორტის სასახლეში, FIE-ს მსოფლიო თასზე, პლანეტის საუკეთესო ხმლით მოფარიკავე კაცები იასპარეზებენ.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ, სრულად გამოიყენა მასპინძელთათვის დაშვებული მონაწილეთა რაოდენობა და ტურნირზე 16 ქართველი მოფარიკავე მოსინჯავს ძალებს.

ქართველ გულშემატკივართა წინაშე მსოფლიოს N1 ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, ნაკრების უკვე გამოცდილი წევრები და ნიჭიერი ახალგაზრდები წარსდგებიან.

თბილისში ჩატარებული, ხმლით მოფარიკავეთა ბოლო მსოფლიო თასი სანდროს ტრიუმფით დასრულდა.

2022 წლის 15 იანვარს, მან პირველი მსოფლიო თასი მოიგო, მას შემდეგ თითქმის ორი წელი გავიდა. ამ პერიოდში მსოფლიოს N1 ხმლით მოფარიკავემ, პრესტიჟულ ტურნირებზე (მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, ევროპული თამაშები, გრან-პრი, მსოფლიო თასი) 16 მედალი მოიპოვა. 7 ოქროს, 5 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოსი. დამატებით სანდრო საკლუბო დონეზე საფრანგეთის არაერთგზისა და ევროპის ჩემპიონთა თასის გამარჯვებულია. გულშემატკივრები ბაზაძისგან ამჯერადაც ოქროს მედალს ელოდებიან.

სანდრო პირდაპირ ძირითად ბადეში შაბათს დაიწყებს გამოსვლას. სხვა ქართველი მონაწილეები: ბექა ბაზაძე, ვახტანგ არჩვაძე, გოგა კაკაურიძე, ნიკოლოზ ჭეიშვილი, ლაშა კუჭუხიძე, მიხეილ ალფაიძე, ლუკა ლომინაძე, ალექსანდრე ხორხომელიძე, დავით თავართქილაძე, ალექსანდრე თავართქილაძე, გიორგი ურუშაძე, ალექსანდრე სხილაძე, დავით ჯიმშელეიშვილი, თემო ალისტრახოვი და მერაბ ლეჟავა პარასკევს ჯგუფური ეტაპიდან ჩაერთვებიან ბრძოლაში.

სულ კი შეჯიბრში 42 ქვეყნის 204 სპორტსმენი მონაწილეობს. ეს ტურნირი იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ ის სალიცენზიოა და აქ მოპოვებული ქულები მოფარიკავეებს ზაფხულში პარიზის ოლიმპიადაზე მოხვედრაში დაეხმარება.

დღეს 10 საათიდან, ჯგუფური და საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდება. გამოვლინდება 48 მოფარიკავე, რომელიც რეიტინგის 16 საუკეთესოს შეურთდება და შაბათს მედლებისათვის იბრძოლებენ.
კვირას კი გუნდური პირველობაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115451