რაგბი

13:53 | 8.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბორჯღალოსნები | ორი ცენტურიონით და ერთი დებიუტანტით ნიდერლანდებთან

10 თებერვალს ბორჯღალოსნები ახალი სამწვრთნელო შტაბის ხელმძღვანელობით წლის პირველ საშინაო შეხვედრას გამართავენ. ნიდერლანდებთან მატჩი „ავჭალაზე“ 14 საათზე დაიწყება.

რიჩარდ კოკერილმა დესაუში გერმანიასთან 28:17 მოგების შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში 5, ხოლო მარქაფაში 4 ცვლილება განახორციელა.

ხაზში ორი სიახლეა. მირიან მოდებაძემ ფრთიდან ფულბეკის პოზიციაზე გადაინაცვლა, მის ადგილს კი გამოცდილი სანდრო თოდუა დაიკავებს. 9 ნომრად თამაშს იწყებს თენგიზ პერანიძე, რომელიც ტრავმის შემდეგ მოედანზე პირველად გავა და ლუკა მატკავას შეუწყვილდება. აქამდე პერანიძემ ნაკრების კვართით მხოლოდ ერთხელ, ურუგვაისთან შეცვლაზე ითამაშა.

ცენტრში გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს გიორგი კვესელაძე შეუწყვილდება. მეორე ფრთა ბორჯღალოსნების საუკეთესო მელელოვე აკაკი ტაბუცაძეა. აღსანიშნავია, რომ ხაზში ერთდროულად ორი ცენტურიონი გვეყოლება – შარიქაძე 101-ე, ხოლო თოდუა 110-ე კეპს მოიხვეჭს.

უცვლელი დარჩა შერკინების პირველი ხაზი – გიორგი ახალაძე, ვანო კარკაძე და ირაკლი აფციაური. მეორე ხაზში ძირითადში დაწინაურდა მიხეილ ბაბუნაშვილი და ის გიორგი ჯავახიას შეუწყვილდება. ორი ცვლილებაა მესამე ხაზში. ილია სპანდერაშვილი ფლანკერად გადაინაცვლებს, მეორე ფლანკერი ბექა გორგაძე იქნება, რომელიც გუნდს ამ კვირაში შეუერთდა, შერკინების შემკვრელი კი თორნიკე ჯალაღონიაა – მას გერმანიასთან მცირე ტრავმის გამო არ უთამაშია.

მარქაფაში არიან ბურჯები ბექა გიგაშვილი და ალექსანდრე ქუნთელია. გორგაძის მსგავსად, ისინი ბორჯღალოსნებს მიმდინარე კვირაში შეუერთდნენ. მარქაფაში ადგილი შეინარჩუნეს კვაჭმა ლუკა ნიორაძემ და მესამეხაზელმა ბექა შვანგირაძემ, ასევე მგეზავმა თედო აბჟანდაძემ.

შეცვლაზეა მეორეხაზელი გურამ ღანიაშვილი, რომელიც ეროვნულში 20-წლამდელებიდან დაწინაურდა და ნიდერლანდებთან დებიუტი ექნება. გერმანიასთან ძირითადში იყო და ახლა მარქაფაშია 9 ნომერი მიხეილ ალანია. მარქაფაში გამოჩნდა დემურ თაფლაძე, ვისაც ერთი კვირის წინ არ უთამაშია.

2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი

ჯგუფური ეტაპი. ჯგუფი. მეორე ტური

10 თებერვალი. თბილისი. ავჭალა. 14:00

საქართველონიდერლანდები

საქართველო

ხაზი: 15. მირიან მოდებაძე (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. თენგიზ პერანიძე (შავი ლომი);

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (ბეზიე), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. გიორგი ჯავახია (გრენობლი), 6. ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი), 7. ბექა გორგაძე (პო), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი).

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 18. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), 19. გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), 20. ბექა შვანგირაძე (ორიაკი); 21. მიხეილ ალანია (ორიაკი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).

rugby.ge

0.134541