„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ „ვერონასთან“ მატჩის (2:1) შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, კვარას მომავალს უფრო ცენტრში ხედავს, ვიდრე ფლანგზე. როგორც მაძარიმ თქვა, ფლანგზე თამაშის დროს ის ხშირად მეტოქის გალიაში ხვდება, ამიტომ ცენტრში უკეთესია და ამ პოზიციას საქართველოს ნაკრებიდანაც იცნობს.
„კვარაცხელია ჩემპიონია, ეს უკვე შარშან დაამტკიცა. იტალიაში ასეთ მოთამაშეებს კარგად ვზღუდავთ - ორმაგი, სამმაგი მეურვეობით, გაღიზიანებით. თუმცა, ვხედავთ, რომ უზარმაზარი კლასი აქვს, განსაკუთრებით მაშინ გამოჩნდა, როცა ცენტრში გადავწიეთ, სადაც ეროვნულ ნაკრებშიც თამაშობს. ვფიქრობ, რომ ამას ხშირად გავაკეთებთ, თორემ ფლანგზე გალიაში ხვდება და შარშანდელივით ვერ თამაშობს, როცა არ იცნობდნენ.
დღეს თამაში შეცვლებით მოვიგეთ. ლინდსტრომი მარცხნივ გადავიყვანე, კვარა ფორვარდის უკან და მან ძალიან კარგად ითამაშა. ეს ის პოზიციაა, სადაც მომავალში კიდევ უფრო კარგად ითამაშებს. ყოველთვის ვისურვებდი, რომ ამ პოზიციაზე ითამაშოს, უბრალოდ, ამ გუნდს 2 ცენტრალური ნახევარმცველით თამაში ზოგჯერ უჭირს.
პენალტი კვარაცხელიაზე? ჩემი აზრით, აშკარა პენალტი იყო. შეიძლება ეს მოედნიდან მსაჯმა ვერ დაინახოს, მაგრამ VAR უნდა ჩარეულიყო და პენალტი დაენიშნა. შემდეგ სულ სხვა თამაში იქნებოდა, ვფიქრობ, ბევრად უკეთ ვითამაშებდით და მეტ გოლს გავიტანდით“, - თქვა მაძარიმ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ვერონას“ მიმდინარე სეზონში მესამედ გაუტანა, სულ კი, სეზონში 6 გოლი აქვს გატანილი. გავიხსენოთ, რომ იტალიურ კარიერაში სადებიუტო გოლიც „ვერონას“ გაუტანა... მიმდინარე სეზონში მას 29 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტი მოიპოვა. „ნაპოლი“ 35 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა და მომდევნო ტურში 11 თებერვალს, „მილანს“ სტუმრად შეხვდება.