ბორჯღალოსნები, ახალი სამწვრთნელო შტაბითა და დებიუტანტებით, ხვალ წლის პირველ შეხვედრას გამართავს.
2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს საქართველო 4 თებერვალს, ჩვენი დროით 18 საათზე დესაუში, გერმანიის წინააღმდეგ გამართავს.
ევროპის ერთა თასი, რომელსაც 2015 წლიდან რაგბი ევროპის ჩემპიონატი ეწოდება, 2000 წლიდან ტარდება. რადგან სამჯერ ტიტულის მფლობელი ორი წლის ჯამის შედეგად გამოვლინდა (2003-2004, 2005-2006, 2007-2008), გასულ 24 წელიწადში ჩემპიონი 21-ჯერ. თასს კი სულ სამი მფლობელი ყავს – 15-ჯერ საქართველო, 5-ჯერ რუმინეთი და ერთხელ პორტუგალია.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 13 წლის განმავლობაში ბორჯღალოსნებმა ჩემპიონობა 12-ჯერ იზეიმეს და ფეხი მხოლოდ ერთხელ, 2017 წელს დაუცდათ. მთლიანობაში, ერთა თასზე საქართველო მესამე ადგილს არასდროს ჩასცდენია. 15 ჩემპიონობის გარდა, მან 4-ჯერ მეორე, ორჯერ კი მესამე ადგილი დაიკავა.
2023 წლამდე ჩემპიონატში ექვსი გუნდი თამაშობდა, შარშან მათ ქვედა დივიზიონიდან ორი დაემატა და 8 მონაწილე პირველ ეტაპზე ორ 4-გუნდა ჯგუფში გადანაწილდა, საიდანაც ორ-ორი საუკეთესო თასის ნახევარფინალში გადის და ფლეი ოფში აგრძელებენ ადგილებისთვის ბრძოლას.
წელს საქართველო ა ჯგუფში ესპანეთთან, ნიდერლანდებთან და გერმანიასთან ითამაშებს. ბ ჯგუფში კი რუმინეთი, პორტუგალია, ბელგია და პოლონეთი მოხვდნენ.
რაც შეეხება გერმანიასთან ურთიერთშეხვედრებს, მას სულ 9-ჯერ დავუპირისპირდით და 9-ჯერვე დავამარცხეთ. ყველაზე დაძაბული პირველი რკენა აღმოჩნდა. 1996 წელს, როდესაც დამოუკიდებელი საქართველო და ქართული რაგბი პირველ ნაბიჯებს დგამდა, გერმანია „დინამოზე“ ფირა-აერის ტურნირის ფარგლებში გვეწვია და 14:3 გავიმარჯვეთ. 2009 წლის შემდეგ მეტოქეს შინ თუ გარეთ უშანსოდ ვამარცხებდით. სარეკორდო გამარჯვება 2010 წელს თბილისში დაფიქსირდა (77:3), სტუმრად კი ყველაზე დიდი სხვაობა 2018 წელს, ფრანკფურტში დაფიქსირდა (64:0).
შარშან მეტოქეს „ავჭალაზე“ 75:12 ვძლიეთ, დესაუში კი გერმანია პირველად გვიმასპინძლებს.
განვლილ 9 მატჩში საქართველომ მეტოქეს გაუტანა 74 ლელო და 493 ქულა, თავად კი 5 ლელო და 47 ქულა გაუშვა.
RUGBY.GE