საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში „ლენოვო ტენერიფემ“ „პერისტერი“ ძალიან ადვილად, 89:68 დაამარცხა. ესპანელებმა პირველი ტაიმი 22 ქულით მოიგეს და გამარჯვება არ გასჭირვებიათ.
გიორგი შერმადინმა 17 წუთში 8 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 3-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მას შეტევაში 100%-იანი შედეგი ჰქონდა, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ბურთი კალათისკენ ბევრჯერ არ უსვრია.
„ტენერიფეში“ საუკეთესო კაილი გაი იყო, რომელმაც 26 ქულა და 4 პასი დააგროვა.
„ლენოვო ტენერიფე“ ჯგუფში 2 მოგებით ლიდერია და მომდევნო ტურში 7 თებერვალს, იერუსალიმის „ჰაპოელს“ სტუმრად დაუპირისპირდება.