ფეხბურთი

2:15 | 1.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" "ლივერპულთან" უშანსოდ დამარცხდა, "სიტიმ" "ბარნლის" აჯობა

ინგლისის პრემიერლიგის 22-ე ტურში „ლივერპულმა“ „ჩელსის“ უმასპინძლა, რომელიც ძალიან ადვილად დაამარცხა.

იურგენ კლოპის გუნდმა „არისტოკრატები“ აბსოლუტურად ყველაფერში დაჩაგრა და 3 ქულაც მიითვალა. ანგარიში დიოგო ჟოტამ გახსნა, რასაც კონორ ბრედლის გოლი მოჰყვა. პირველ ტაიმში სხვაობა უფრო დიდიც იქნებოდა, ბოლოს დარვინ ნუნიესს პენალტი რომ გაეტანა.

მეორე ნახევარში დომინიკ შობოშლაიმ მაინც გაზარდა სხვაობა სამამდე. კრისტოფერ ნკუნკუმ ჩამორჩენა 71-ე წუთზე შეამცირა, მაგრამ მალევე ლუის დიასმა სამბურთიანი სტატუსქვო აღადგინა. „ლივერპული“ 51 ქულით ლიდერია, ხოლო „ჩელსის“ მხოლოდ 31 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეათე პოზიციაზეა.

ადვილად მოიგო „მანჩესტერ სიტიმ“, რომელმაც შინ „ბარნლი“ 3:1 დაამარცხა. პირველ ტაიმში ხულიან ალვარესმა დუბლი შეასრულა და მატჩის ბედი იმთავითვე გადაწყდა. მეორე ტაიმის სტარტზე კი როდრიმ მესამეც გაიტანა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში სტუმრებმა პრესტიჟის გოლის გატანა შეძლეს. „მანჩესტერ სიტი“ 46 ქულით მეორე ადგილზეა.

მნიშვნელოვანი თამაში მოიგო „ტოტენჰემმა“, რომელმაც „ბრენტფორდს“ აჯობა. ლონდონელებმა პირველი ტაიმი წააგეს, მაგრამ მეორე ნახევარში უდოჯის, ჯონსონის და რიშარლისონის გოლებით სიტუაცია შეიცვალა. საბოლოოდ „ტოტენჰემმა“ 3:2 მოიგო და 43 ქულით მეოთხე პოზიციაზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11161