საფრანგეთის ნაკრები ხელბურთში ევროპის ჩემპიონი გახდა. ფინალი კიოლნში გაიმართა, რომელშიც ფრანგებმა დანიის ნაკრების დამარცხება მოახერხეს.
როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში ძალიან დაძაბული გამოდგა, სადაც გადაწყვეტილი წამითაც არაფერი ყოფილა. მატჩის დასრულებამდე 30 წამი რჩებოდა, როცა დანია წინ იყო, მაგრამ ფრანგებმა გაათანაბრეს და თამაში დამატებით დროში გადაიყვანეს.
აი, იქ უკვე კი, საფრანგეთის ნაკრებმა მეტოქეს აჯობა და საბოლოოდ 33:31 გაიმარჯვა. შედეგად, საფრანგეთი ხელბურთში ევროპის ჩემპიონი მეოთხედ გახდა. დანიის აქტივში ისევ ორი ტიტულია და 2012 წლის შემდეგ ევროპის ჩემპიონატი არ მოუგია, არადა, ზედიზედ სამჯერ შეძლო მსოფლიოს ჩემპიონობა.
შეგახსენებთ, რომ ხელბურთის ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად საქართველოს ნაკრებმა ითამაშა. ტიტე კალანდაძის გუნდმა ნიდერლანდებსა და შვედეთთან მარცხი განიცადა, მაგრამ ბოსნიასთან ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.