ფეხბურთი

10:20 | 27.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

საბა საზონოვი: "ძლიერი მცველები გვყავს, მაგრამ ახალგაზრდა ვარ და კონკურენცია ჩემთვის კარგია" (+VIDEO)

„ტორინოს“ ფეხბურთელმა საბა საზონოვმა „კალიარისთან“ მატჩის (2:1) შემდეგ კლუბის ტელევიზიასთან ისაუბრა.

როგორც ქართველმა ფეხბურთელმა აღნიშნა, დაცვაში დიდი კონკურენციაა, მაგრამ ეს მას განვითარებაში ეხმარება.

- მხოლოდ 12 წუთი გამოდგა საკმარისი, რომ მატჩის ერთ-ერთი გმირი ყოფილიყავი...

- ჩემთვის ყველაფერი კარგად წავიდა, რადგან გამარჯვებაც მოვიპოვეთ. რთული თამაში იყო, განსაკუთრებით ბოლო 12 წუთი. ერთი პასიც არ გამიკეთებია (იღიმის - რედ), მაგრამ მთავარი გამარჯვებაა.

- მომდევნო ტურში ბონჯორნო დისკვალიფიცირებულია და მეტი შანსი გექნება ძირითადში მოსახვედრად. როგორ მოემზადები?

- დიახ, ეს ალბათ ჩემთვის კარგია, ჩემი შანსია. მოვემზადებით „სალერნიტანასთან“ მატჩისთვის და ალბათ, მეორედ მოვხვდები ძირითად შემადგენლობაში, ამიტომ, ჩემთვის მნიშვნელოვანი მატჩია.

- როგორ ვგრძნობ თავს „ტორინოს“ ძლიერ დაცვაში?

- ყველაფერი კარგადაა. ძალიან, ძალიან, ძალიან ძლიერი მცველები გვყავს, უძლიერესები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს კონკურენცია ჩემთვის ძალიან კარგია, რადგან ახალგაზრდა ვარ და ახლა შანსი მექნება.

- რას ნიშნავს შენთვის საქართველოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდება?

- ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კარგია. კარგი სეზონი მქონდა, საქართველოც ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე შესანიშნავად გამოვიდა. მე საუკეთესო ახალგაზრდა გავხდი, კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელი და ორივე სერია A-ში ვთამაშობთ. ეს კარგია, როგორც ჩვენთვის, ისე სერია A-სთვის.

შეგახსენებთ, რომ „ტორინო“ 31 ქულით მეათე ადგილზეა და მომდევნო ტურში 4 თებერვალს „სალერნიტანას“ უმასპინძლებს. სხვათა შორის, ამ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო ალესანდრო ბონჯორნო გამოტოვებს, რომელიც საზონოვის კონკურენტია და შეიძლება ქართველი ძირითადში ვიხილოთ. ქართველ მცველს მიმდინარე სეზონში 6 მატჩი აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112736