ბელგიის ჩემპიონატში „ანდერლეხტის“ და „გენკის“ მატჩი გადათამაშდება. ამის მიზეზი კი VAR-ის შეცდომა გახდა.
ეს თამაში 23 დეკემბერს გაიმართა და ბრიუსელელებმა 2:1 მოიგეს. თუმცა, იყო ერთი მომენტი, როცა მსაჯები შეცდნენ: „გენკმა“ პენალტი ვერ გაიტანა, დარტყმა „ანდერლეხტის“ მეკარემ კასპერ შმეიხელმა მოიგერია, მაგრამ დანიელ მეკარეს დამატებაზე მაინც გაუტანეს.
მსაჯმა გოლი VAR-ის დახმარებით გააუქმა, რადგან გოლის ავტორი ფეხბურთელი საჯარიმოში ნაადრევად შეიჭრა. ეს მართალია, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ „გენკის“ შემტევთან ერთად საჯარიმოში ნაადრევად „ანდერლეხტის“ ორი ფეხბურთელიც შევიდა. ამრიგად, VAR-ს და მსაჯებს პენალტის თავიდან შესრულების უფლება უნდა მიეცათ „გენკისთვის“.
საბოლოოდ, „გენკმა“ საჩივარი შეიტანა და სადისციპლინო კომიტეტმა მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა - მატჩის შედეგი ანულირებულია და თავიდან გაიმართება. შეიძლება ითქვას, რომ ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც VAR-ის შეცდომის გამო მატჩი გადათამაშდება.