ბორჯღალოსნების ახალი მთავარი მწვრთნელი რიჩარდ კოკერილი მუშაობას შეუდგა. რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის გაფართოებული რაზმის დასახელებამდე, მან სამწვრთნელო შტაბის დაკომპლექტება დაიწყო და ასისტენტებად შონ სოვერბისა და კონორ მაკფილიპსს უხმო.
ქართულ რაგბსა და 53 წლის ინგლისელის ასისტენტებს შორის ხელშეკრულება დღეს ოფიციალურად გაფორმდა. „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შეთანხმებას ხელი რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე გოგებაშვილმა, სოვერბიმ და მაკფილიპსმა მოაწერეს.
„მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ლევან მაისაშვილს იმ გაწეული, თავდაუზოგავი შრომისათვის, რომელმაც ქართულ რაგბის ისტორიული, საუკეთესო შედეგები მოუტანა. ვიმედოვნებ, ის ქართულ რაგბიში დარჩება და მის წარმატებაში კიდევ არაერთ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს“.
„რაც შეეხება დღევანდელ დღეს, რიჩარდ კოკერილის მთავარ მწვრთნელად წარდგენის შემდეგ, იგი აქტიურად შეუდგა მუშაობას და უმოკლეს დროში ორი თანაშემწე წარადგინა. ირლანდიელი კონორ მაკფილიპსი და სამხრეთ აფრიკელი შონ სოვერბი ეროვნულ გუნდთან მუშაობას დღეიდან იწყებენ. ქართულ რაგბის აღნიშნულ მწვრთნელთა ჯგუფთან დაკავშირებით ახალი მოლოდინები აქვს და დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი დიდი შედეგის მომტანი იქნება“ – აღნიშნა თორნიკე გოგებაშვილმა.
შეგახსენებთ, კოკერილი ბორჯღალოსნების გარდა ‘შავ ლომსაც’ გაწვრთნის, სოვერბი და მაკფილიპსი კი მას მხოლოდ ეროვნულ გუნდში დაეხმარებიან. გარდა ამისა, სამწვრთნელო ჯგუფში რჩება ქართველი სპეციალისტების დიდი ნაწილი.
„დავიმატეთ ორი გამოცდილი მწვრთნელი. შონს უდიდესი გამოცდილება აქვს როგორც მოთამაშეს და მწვრთნელს. ის დერეფნისა და დაცვის მწვრთნელი იქნება, გუნდს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს და ქართულ რაგბის შემდეგ განვითარებაში დაეხმარება. კონორი შეტევის მწვრთნელი იქნება. ის დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა პეტ ლამთან ‘კონახტში’, ბოლოს კი პრემიერშიფის ‘ბრისტოლში’ მუშაობდა. ორივე სპეციალისტს ზურგს უმაგრებს საერთაშორისო გამოცდილება და ძალიან კარგია საქართველოში ჩამოსვლა რომ შეძლეს. მოუთმენლად ველი მათთან ერთად სამუშაო პროცესის დაწყებას. ორშაბათიდან შევიკრიბებით და დავიწყებთ მზადებას გერმანიისთვის“ – განაცხადა რიჩარდ კოკერილმა.
„შევარდენის“ ბაზაზე იმყოფებოდა რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე, ცენტურიონი ბორჯღალოსანი დავით კაჭარავა:
„დღეს რაგბის კავშირმა კოკერილის მიერ შერჩეული ორი დამხმარე მწვრთნელი დააკონტრაქტა, რომლებიც ჩვენს გუნდს შეტევის, დერეფნისა და დაცვის ასპექტში დაეხმარებიან. ორივე მათგანს დიდი სარაგბო კარიერა ჰქონდა და ორივე გამოცდილი მწვრთნელია. ამიტომ ვფიქრობთ, რომ მათი დანიშვნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ძლიერი გუნდის შესაკვრელად და ისინი თავს გაართმევენ დასახულ ამოცანას“.
შონ სოვერბი
45 წლის სამხრეთ აფრიკელ შონ სოვერბის „ქურციკების“ კვართით 2002 წელს ერთი შეხვედრა აქვს ჩატარებული. მან პროფესიონალი მოთამაშის კარიერა სამშობლოში, ‘შარქსში’ დაიწყო, თუმცა მალევე საფრანგეთს მიაშურა და 2004-2007 წლებში ‘სტად ფრანსეს’, 2007-2012 წლებში ‘ტულუზას’, 2012-2014 წლებში კი ‘გრენობლის’ ღირსებას იცავდა. 8 ნომრის პოზიციაზე მოთამაშე შონი ‘ტულუზასთან’ ერთად 2008 წელს საფრანგეთის ჩემპიონი გახდა, 2010 წელს კი ჩემპიონთა თასს დაეუფლა.
მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ, ის ერთი წლით სამშობლოში დაბრუნდა და ‘აღმოსავლეთ პროვინციის კინგსის’ ფორვარდების მწვრთნელი იყო. სოვერბი მალევე დაბრუნდა საფრანგეთში და 2015-2017 წლებში ასისტენტად ‘მონპელიეში’ მუშაობდა, 2019 წლიდან კი ‘ბიარიცის’ მთავარი მწვრთნელი გახდა და პოსტი გასული სეზონის ბოლოს დატოვა.
შონ სოვერბი ბორჯღალოსნებში დერეფნისა და დაცვის მწვრთნელი იქნება:
„ვთვლი, რომ ძალიან გამიმართლა. ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს ნაკრებთან მუშაობა. ქართველ მორაგბეებთან ადრეც მიმუშავია და მათ ხასიათს, ღირებულებებს, შრომისმოყვარეობასა და თავდადებას კარგად ვიცნობ. ვეცდებით ჩვენი წინამორბედების ნამუშევარს ჩვენც შევმატოთ რამე და გუნდს ერთი საფეხურით მაღლა ასვლაში დავეხმაროთ“.
კონორ მაკფილიპსი
42 წლის კონორ მაკფილიპსი ირლანდიაში, დუბლინში დაიბადა და პროფესიული კარიერა ‘კონახტში’ გაატარა (2003-2009). პირველ სეზონში მან გუნდის კვართით 11 ლელო გაიტანა და კელტების ლიგის (ამჟამად გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატი) საუკეთესო მელელოვე გახდა. მთლიანობაში, მან ‘კონახტის’ კვართით ჩემპიონატში 20, ხოლო ჩელენჯ თასზე 12 ლელო გაიტანა და ერთი ხანობა კლუბის ისტორიაში საუკეთესო მელელოვე იყო.
კონორმა გუნდთან ერთად ორჯერ ითამაშა ჩელენჯ თასის ნახევარფინალში, რაც კლუბისთვის საუკეთესო შედეგია. 2007 წლის მსოფლიო თასამდე ‘კონახტმა’ სამხრეთ აფრიკასთან გასახურებელი შეხვედრა გამართა და იმ წელს „ბოკე“ ჩემპიონი გახდა.
1999-2002 წლებში მაკფილიპსი ირლანდიის 21-წლამდელთა ნაკრების ღირსებას იცავდა, მათ შორის 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. 2006 წელს ის „ჩერჩილის თასზე“, ირლანდიის ა ნაკრებში მიიწვიეს და ორი თამაში ჩაატარა, 2001-2008 წლებში კი, პარალელურად ირლანდიის 7-კაცა ნაკრებში თამაშობდა და ორ მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა.
მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ კონორი ირლანდიის შიდა ჩემპიონატის გუნდში, ‘სენტ მერის კოლეჯში’ მოთამაშე-მწვრთნელი გახდა, მომდევნო წლიდან კი მშობლიურ ‘კონახტს’ დაუბრუნდა, ჯერ ვიდეო-ანალიზის სპეციალისტად, მერე კი მთავარი მწვრთნელის ასისტენტად. 2017 წელს ის ინგლისის ჩემპიონშიფის ‘ბრისტოლში’ გადავიდა, სადაც პეტ ლამის ასისტენტი იყო და პირველსავე წელს გუნდს პრემირშიფში აღზევებაში დაეხმარა.
კონორ მაკფილიპსი ბორჯღალოსნების შეტევის მწვრთნელი იქნება:
„ლევან მაისაშვილმა და ქორი ბრაუნმა შესანიშნავი საძირკველი შექმნეს და საინტერესო იქნება მათი გზის გაგრძელება. მათ მიაღწიეს გარკვეულ წარმატებებს და ეს ‘შავ ლომზეც’ აისახა, რომელიც ეროვნული გუნდის სტილში თამაშობს და მათ ძალიან ბევრი საერთო აქვთ. ფუძე ნამდვილად კარგია, თუმცა არის პატარა ნიუანსები, რომლის შედეგად შეგვიძლია ბიჭებს მეტი შესაძლებლობა მივცეთ. მორკინალებს გარკვეულ ასპექტებში მეტი მუშაობა მოუწევთ, რაც ხაზს მისცემს შესაძლებლობას სრულად გამოავლინოს პოტენციალი და მეტი ლელო გაიტანოს“.
RUGBY.GE