საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტე კალანდაძემ ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
ბოსნიასთან მატჩის შემდეგ კალანდაძემ აღნიშნა, რომ სიტყვებით ვერ გადმოსცემს იმ ემოციას, რასაც განიცდის.
„ნამდვილად გასაოცარია ევროპის ჩემპიონატზე პირველად ყოფნა და ბოლო ტურში გამარჯვება. სიტყვები ვერ გადმოსცემს იმ უსაზღვრო ემოციებს, რასაც განვიცდით. დარბაზში არსებულმა ატმოსფერომ გადამწყვეტი როლი ითამაშა, რომელიც თამაშის დროს ჩვენთვის მამოძრავებელი ძალა იყო. საქართველოდან ბევრი გულშემატკივარი ვერ ჩამოვიდა, მაგრამ ევროპის მასშტაბით ხალხის ფართო მხარდაჭერა გვქონდა, ისინი მთელი მატჩი გვქომაგობდნენ და მადლობას ვუხდით“, - თქვა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე E ჯგუფში 1 მოგებით და 2 წაგებით მესამე ადგილი დაიკავა. ქართველმა ხელბურთელებმა ნიდერლანდებსა (29:34) და შვედეთთან (26:42) წააგეს, ხოლო ბოსნია დაამარცხეს (22:19).