„მეცის“ მთავარმა მწვრთნელმა ლაშლო ბოლონიმ „ტულუზასთან“ მატჩის (0:1) შემდეგ ისაუბრა. რუმინელმა სპეციალისტმა გიორგი მიქაუტაძის დაბრუნებაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ „მეცს“ გავარდნისგან მხოლოდ ქართველი ფორვარდი ვერ გადაარჩენს.
„მეტოქის გოლი ჩვენი ფეხბურთელების დამსახურებაა. პირველ ტაიმში „ტულუზამ“ ჩვენზე უკეთ ითამაშა, ვერ ვითამაშეთ მაღალ ტემპში და ხარვეზები გვქონდა, ისინი უპირატესობას ფლობდნენ და თამაშს აკონტროლებდნენ. თუმცა, მეორე ტაიმში სიტუაცია შეიცვალა, სხვანაირად წარიმართა თამაში და ვფიქრობ, გათანაბრებას მაინც ვიმსახურებდით. ეს მარცხი მტკივნეულია და იმედგაცრუებაა.
გიორგი? ის დაბრუნდა. ეს გვაძლევს ენთუზიაზმს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა საფრთხეს თავს ავარიდებთ. ვიცით, რომ ფეხბურთი გუნდური სპორტია, რომელსაც ინდივიდები სჭირდება, მაგრამ იშვიათია, რომ ერთმა ინდივიდმა მოახდინოს წარმოუდგენელი ცვლილებები. მას კარგი მატჩი ჰქონდა, საგოლე მომენტებიც ჰქონდა და ფიზიკურადაც ფორმაში დაბრუნდა. ჩემი აზრით, კარგი დაბრუნებაა“, - თქვა ბოლონიმ.
შეგახსენებთ, რომ „მეცს“ ბოლო ხუთ ტურში ქულა არ მოუპოვებია, რის შედეგადაც 16 ქულით უკვე მე-16 ადგილზე ჩამოქვეითდა, რაც გასავარდნი პლეი-ოფის ზონაა, წინ კი, 27 იანვარს, „ნიცასთან“ საგარეო მატჩია. მიქაუტაძეს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 4 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი (1 საგოლე პასი) და გუნდში ჯერ კიდევ მესამე გოლეადორია შეიკ საბალისა და აბდულიე ჯალოუს შემდეგ, რომელთა აქტივში 3-3 გოლია.