საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-18 ტურში „მეცი“ საკუთარ მოედანზე უშუალო კონკურენტ „ტულუზასთან“ 0:1 წააგო და უქულოდ დარჩა.
გიორგი მიქაუტაძე დაბრუნდა და მოედანზე 90 წუთიც გაატარა. ქართველი ჯერ არ არის საუკეთესო ფორმაში და ეს ჩანს, მაგრამ მაინც თანაგუნდელებისგან გამოირჩეოდა. 77-ე წუთზე ახლოს იყო გოლთან, თუმცა, ვარდნაში მის მიერ დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. ქართველი შემტევი მას შემდეგ ცდილობდა გატანას, რაც თანაგუნდელის დარტყმა ხარიხამ აისხლიტა და დამატებაზე ითამაშა.
„ტულუზამ“ ვინსენ სიეროს მიერ მე-12 წუთზე გატანილი პენალტით მოიგო და სატურნირო ცხრილში სწორედ „მეცს“ გადაასწრო, რომელიც 16 ქულით უკვე მე-16 ადგილზე ჩამოქვეითდა, რაც გასავარდნი პლეი-ოფის ზონაა.
„მეცს“ ბოლო ხუთ ტურში ქულა არ მოუპოვებია, წინ კი, 27 იანვარს, „ნიცასთან“ საგარეო მატჩია. მიქაუტაძეს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 4 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი (1 საგოლე პასი) და გუნდში ჯერ კიდევ მესამე გოლეადორია შეიკ საბალისა და აბდულიე ჯალოუს შემდეგ, რომელთა აქტივში 3-3 გოლია.