საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების კაპიტანმა რეზი იმნაიშვილმა გერმანიასთან გამარჯვების (15:10) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, წინა შეხვედრაში მარცხის მერე, ფსიქოლოგიურად ძნელი იყო მათთვის თამაში, მაგრამ თავის ხელში აყვანა შეძლეს.
„ძალიან რთული იყო წინა თამაშის მერე დღეს თამაში, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად, რადგან ჩვენთვის წინა თამაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ის მარცხი ჩვენს კარიერაში წარუშლელ კვალს დატოვებს, მაგრამ სპორტია და ეს ხდება. შევძელით თავის ხელში აყვანა, გვინდოდა, ყველასთვის დაგვემტკიცებინა, რომ ყველასთან შეგვიძლია თანაბრად თამაში და მით უფრო, ჩვენი დონის გუნდთან გამარჯვება. ეს მოგებაც იმით გამოირჩევა, რომ წინა თამაშიდან ერთგვარი აღორძინება იყო, ამიტომ ძალიან გვიხარია და დიდი მადლობა ჩვენს გულშემატკივარს“, - თქვა იმნაიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 15 იანვარს, მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება და ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლას დაასრულებს.