„ნაპოლიმ“ ოთხმატჩიანი უგოლო და წარუმატებელი სერია როგორც იქნა შეწყვიტა და საკუთარ მოედანზე ბოლოადგილოსანი „სალერნიტანა“ დაამარცხა.
სალერნოელები ანტონიო კანდრევას ულამაზესი გოლით 29-ე წუთზე დაწინაურდნენ, მაგრამ პირველი ტაიმის მიწურულს ჯოვანი სიმეონეს მოპოვებული პენალტი მატეო პოლიტანომ გაიტანა და გაათანაბრა. ვალტერ მაძარის გუნდი პირველ ტაიმში ძალიან ცუდად თამაშობდა, ხოლო მეორე ნახევარში უფრო აქტიური იყო.
ხვიჩა კვარაცხელიასაც საგოლე მომენტები მატჩის ბოლოს ჰქონდა. 82-ე წუთზე ძალიან ტექნიკურად ითამაშა და მცირედით არაზუსტად დაარტყა, რიკოშეტის შედეგად ბურთი კუთხურზე გადავიდა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეოთხე წუთზე კიდევ ერთხელ ითამაშა ტექნიკურად, თანაგუნდელთან კედელი გაითამაშა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა კარშიც დაარტყა, მაგრამ სუსტად - გილერმო ოჩოამ მოიგერია.
თითქოს, კვარას გამოუყენებელი მომენტით „ნაპოლი“ ისევ დაკარგავდა ქულებს, რაც მიმდინარე სეზონში რამდენჯერმე მოხდა, მაგრამ 96-ე წუთზე ამირ რაჰმანიმ შეძლო გამარჯვების გოლის გატანა - 2:1.
აღსანიშნავია, რომ ამის შემდეგ, მე-10 კომპენსირებულ წუთზე ხვიჩამ ბურთის გადადგებისთვის ყვითელი ბარათი მიიღო, რაც სეზონში მისთვის მეხუთეა და სერია A-ს მომდევნო მატჩს გამოტოვებს, რომელსაც „ნაპოლი“ 28 იანვარს სტუმრად „ლაციოსთან“ გამართავს. მაძარის გუნდს მანამდე იტალიის სუპერთასზე საუდის არაბეთში თამაში მოუწევს. „აძური“ ამ დროისთვის 31 ქულით მეექვსე ადგილზეა.
ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 26 მატჩში 5 გოლი, 4 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი აქვს აქტივში.
დღესვე, „ტორინო“ სტუმრად „ჯენოას“ უგოლოდ დაუზავდა. ზედიზედ მეორედ ითამაშა საბა საზონოვმა, რომელიც მოედანზე 83-ე წუთზე გამოჩნდა. ტურინული გუნდი 28 ქულით მეათეა და მომდევნო ტურში 26 იანვარს, „კალიარის“ ესტუმრება.