საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა და მეოთხედფინალში გასვლის შანსი დაკარგა.
დეიან სტანოევიჩის გუნდმა ჯგუფში ძლიერ მეტოქეებთან მოსალოდნელი წაგებების შემდეგ, მოულოდნელად რუმინეთთანაც უშანსოდ წააგო - 11:18.
მეტოქემ ოთხიდან სამი პერიოდი მოიგო და გამარჯვება ნამდვილად არ გასჭირვებია. პრაქტიკულად პირველივე მეოთხედში ცხადი იყო საბოლოო შედეგი.
საქართველოს ნაკრებში დუშან ვაშიჩმა 3 გოლი გაიტანა, ორ-ორჯერ გამოიჩინეს თავის ბესარიონ ახვლედიანმა, ნიკა შუშიაშვილმა და გიორგი მაგრაქველიძემ, ხოლო თითოჯერ ვალიკო დადვანმა და ანდრია ბითაძემ.
წინა ევროპის ჩემპიონატზე საქართველო საუკეთესო რვა გუნდში მოხვდა, ამჯერად შედეგი ვერ გაიმეორა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტურნირი ჩააგდო, რადგან ოთხიდან ოთხი მარცხი განიცადა, შედეგად, მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის შანსიც დაკარგა.
საქართველოს ნაკრები ახლა მეცხრე ადგილისთვის იბრძოლებს და 13 იანვარს გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
საქართველო - რუმინეთი 11:18 (1:5, 3:5, 2:3, 5:5)