ლონდონის „ტოტენჰემმა“ ტიმო ვერნერი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
გერმანელი ფეხბურთელი „დეზებს“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა, ხოლო ზაფხულში ლონდონელებს მისი გამოსყიდვა 17 მილიონ ევროდ შეეძლებათ. ტიმო „ტოტენჰემში“ 16-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ვერნერი პრემიერლიგას და ლონდონს კარგად იცნობს, რადგან 2020-2022 წლებში „ჩელსის“ ღირსებას იცავდა, რომლის მაისურით 89 შეხვედრაში 23 გოლი გაიტანა. ვერნერმა კარიერა „შტუტგარტში“ დაიწყო, საუკეთესო პერიოდი კი 2016-2020 წლებში „ლაიფციგში“ ჰქონდა. ბოლო ორი სეზონი ის სწორედ „ლაიფციგში“ თამაშობდა, მიმდინარე სეზონში კი 14 მატჩში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა.