იტალიის სერია A-ს მე-19 ტურში „იუვენტუსმა“ ბოლოადგილოსან „სალერნიტანას“ მისსავე მოედანზე უმძიმეს ბრძოლაში აჯობა და „ინტერს“ კიდევ უფრო წინ გაჭრის საშუალება არ მისცა.
აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები ზუსტად 3 დღის წინ ტურინში იტალიის თასზე შეხვდნენ, სადაც „სალერნიტანა“ პირველივე წუთზე დაწინაურდა, თუმცა, მერე „იუვეს“ გოლეადა იყო და მასიმილიანო ალეგრის ბიჭებმა ის თამაში 6:1 მოიგეს. ამჯერად, „ბებერი ქალბატონი“ გაცილებით მძიმე ბრძოლას გადააწყდა.
ტურინელებმა პირველი ტაიმი წააგეს, რადგან ფილიპო ინძაგის გუნდი ჯულიო მაჯორეს გოლით დაწინაურდა. თუმცა, სალერნოელი მცველი მაინც თამაშის ანტიგმირად იქცა, რადგან 52-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. რიცხობრივ უმცირესობაში „სალერნიტანამ“ ვერ გაძლო და ორი გოლი გაუშვა. ჯერ ანგარიში სამუელ ილინგ-ჟუნიორმა გაათანაბრა, ხოლო 91-ე წუთზე დუშან ვლაჰოვიჩმა თავით გამარჯვების გოლი გაიტანა.
შედეგად, „იუვენტუსს“ პირველი წრის დასრულების შემდეგ 46 ქულა აქვს და მეორეა, ლიდერ „ინტერთან“ ჩამორჩენა კი მხოლოდ 2 ქულაა.
„სალერნიტანა“ – „იუვენტუსი“ 1:2 (1:0)
გოლები: 1:0 მაჯორე (39), 1:1 ილინგ-ჟუნიორი (65), 1:2 ვლაჰოვიჩი (90)