საქართველოს ნაკრების მორაგბე ვასილ ლობჟანიძე კარიერას „ტულონში“ გააგრძელებს. ფრანგულმა კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
ლობჟანიძე „ბრივიდან“ „ტულონში“ სამედიცინო ჯოკრის სტატუსით გადავიდა და ტრავმირებულ ბაპტის სერინს შეცვლის, რომელიც რამდენიმე თვე ტრავმის გამო ვერ ითამაშებს.
„ბაპტის სერინის უეცარი ტრავმის გამო იძულებული გავხდით 9 ნომრის პოზიციაზე გავძლიერებულიყავით. ვიცოდით, რომ ვასილს ახალი გამოწვევის პოვნა სურდა და გამოვიყენეთ ეს შესაძლებლობა. ის არის თამაშის ლიდერი, რომელსაც შეუძლია თამაშის ტემპის კარნახი, კარგი ტექნიკით გამოირჩევა და ხარისხიანი დარტყმა აქვს. სპორტული უნარების გარდა, ის კარგად მოერგება „ტულონის“ დნმ-ს თავისი საბრძოლო სულისკვეთებით“, - თქვა „ტულონის“ სპორტულმა დირექტორმა ლორენ ემანუელიმ.
შეგახსენებთ, რომ ვასილ ლობჟანიძე „ბრივის“ ღირსებას 2016 წლიდან იცავდა, ხოლო საქართველოს ნაკრებში 87 მატჩი აქვს ჩატარებული.