იტალიური „ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორი მოდელის ტურნირის ნახვა სურს. შეგახსენებთ, რომ ნეაპოლელებმა მხარი დაუჭირეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას სუპერლიგის შესახებ და მზად არიან განიხილონ მონაწილეობა პროექტში. დე ლაურენტისს სერია A-ს რეფორმაც სურს, რომელშიც მხოლოდ 14 გუნდი ითამაშებს და საიდანაც არავინ გავარდება.
„მინდა ელიტარული სერია (სერია A-ს ნაცვლად - რედ) 7-8 უძლიერესი გუნდისა და პოტენციალის მქონე გუნდების მონაწილეობით. ისეთი გუნდები, როგორებიც "პალერმო" და "ბარი" არიან, არ შეიძლება იქ არ იყვნენ, რადგან უამრავი ქომაგი ჰყავთ, გუნდებს კი, რომლებიც 10 ათას ბილეთსაც ვერ ყიდიან, იქ არაფერი ესაქმებათ. შემდეგ ქვევით არის სერია A-ს ორი ჯგუფი 20 გუნდისგან შემდგარი, დანარჩენი კი დილეტანტიზმია. მინდა, 14 გუნდის დახურული ტურნირი. არანაირი გავარდნა, როგორც NBA-ში, - ციტირებს ჟურნალისტი ნიკოლო სკირა დე ლაურენტისის სიტყვებს ტვიტერზე.
შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს, 21 დეკემბერს, კანონიერმა ორგანომ ფიფას და უეფას ქმედებები 2021 წელს სუპერლიგის შექმნის აკრძალვის შესახებ უკანონოდ ცნო. სუპერლიგის მონაწილეთა სიაში ამ დროისთვის მხოლოდ „ბარსელონა“ და მადრიდის „რეალი“ არიან.