სუპერლიგის პროექტის გენერალურმა დირექტორმა ბერნდ რაიხარტმა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ კანონიერმა ორგანომ ფიფას და უეფას ქმედებები 2021 წელს სუპერლიგის შექმნის აკრძალვის შესახებ უკანონოდ აღიარა.
„ჩვენ მოვიპოვეთ კონკურსებში მონაწილეობის უფლება. უეფას მონოპოლია დასრულდა. ფეხბურთი თავისუფალია!
ყველა მატჩს უფასოდ გადავცემთ. ტურნირის ყველა მონაწილეს სოლიდური შემოსავალი გარანტირებული ექნება“, - ციტირებს რაიხარტის სიტყვებს Mundo Deportivo.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის აპრილში 12 ევროპულმა კლუბმა სუპერლიგის შექმნა გამოაცხადა. იმავე წლის მაისში სუპერლიგამ უეფა და ფიფა კონკურენციის კანონის დარღვევაში დაადანაშაულა. მოგვიანებით, საფეხბურთო ორგანიზაციების ზეწოლის შემდეგ, 10-მა კლუბმა უარი თქვა პროექტში მონაწილეობაზე.
სუპერლიგაში ამჟამად მხოლოდ „ბარსელონა“ და მადრიდის „რეალი“ არიან.