მადრიდის „რეალს“ „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი დაუკავშირეს. ამის შესახებ ინფორმაციას Relevo ავრცელებს.
წყაროს თანახმად, ზაფხულში თუ მადრიდელები „ჩელსიდან“ კეპას ვერ გამოისყიდიან, ახალი მეკარის შეძენას გეგმავენ, რადგან გუნდიდან შეიძლება ანდრეი ლუნინიც წავიდეს.
ხსენებული გამოცემა იტყობინება, რომ „სამეფო კლუბის“ სიაში სამი მეკარეა - გიორგი მამარდაშვილი, მათეუსი და რანდალ როდრიგესი. კონკრეტული დეტალები უცნობია, მაგრამ მადრიდელები ტიბო კურტუას ალტერნატივას ეძებენ, რათა გუნდში მეორე მეკარე ჰყავდეთ.
აღსანიშნავია, რომ მამარდაშვილით „რეალი“ მიმდინარე სეზონის წინაც იყო დაინტერესებული, როცა კურტუამ ტრავმა მიიღო, მაგრამ მაშინ გარიგება არ შედგა. ქართველ მეკარეს სამ ინგლისურ კლუბსაც უკავშირებენ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.