ინგლისის პრემიერლიგის მე-15 ტურის მატჩში, „ასტონ ვილასა“ და „მანჩესტერ სიტის“ შორის (1:0), ბირმინგემულმა გუნდმა მეტოქის კარში 22 დარტყმა განახორციელა, მანკუნიანელებმა კი ეს მხოლოდ ორჯერ მოახერხეს.
სტატისტიკური პორტალის, OptaSport-ის ცნობით, სტუმართა მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლასთან დაკავშირებით ორი ანტირეკორდი დაფიქსირდა.
„მანჩესტერ სიტის" მხოლოდ ორი დარტყმა ყველაზე ცუდი შედეგია პეპ გვარდიოლას გაწვრთნილი გუნდებისთვის ყველა დროის ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის მატჩებში.
ასევე, მანკუნიანელების კარში 22 დარტყმა ასევე ყველაზე ცუდი მაჩვენებელია პეპ გვარდიოლას გუნდებისთვის ევროპის უმაღლეს ლიგების 535 მატჩში.
ასევე „სიტიმ“ გვარდიოლას ხელმძღვანელობით ინგლისის ჩემპიონატში ყველაზე ცუდი შედეგი გაიმეორა. გუნდმა ზედიზედ სამჯერ ითამაშა ფრედ - „ჩელსისთან“ (4:4), „ლივერპულთან“ (1:1), „ტოტენჰემთან“ (3:3) და წააგო „ასტონ ვილასთან“ (0:1).
ასეთი სერია პირველად 2016/2017 წლების სეზონში შედგა. მაშინ გვარდიოლას გუნდმა ფრედ ითამაშა „სტოკ სიტისთან“ (0:0), „ლივერპულთან“ (1:1), „არსენალთან“ (2:2) და წააგო „ჩელსისთან“ (1:2).
გვარდიოლა „მანჩესტერ სიტიში“ 2016 წლის ივლისიდან მუშაობს. შვიდი წლის განმავლობაში „ქალაქელებთან“ ერთად ის ხუთჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, ოთხჯერ მოიგო ინგლისის ლიგის თასი, ორჯერ ქვეყნის ასოციაციის თასი და სუპერთასი, ასევე მოიგო ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერთასი.
15 ტურის შემდეგ „სიტი“ 30 ქულით პრემიერლიგის ცხრილში მეოთხე ადგილზეა. ჩემპიონატს „არსენალი“ ლიდერობს (36 ქულა).
52 წლის ესპანელი მანამდე „ბარსელონასა“ და „ბაიერნს“ ხელმძღვანელობდა.