საქართველოს თასი თბილისის „საბურთალომ“ მოიგო, „დინამო ბათუმმა“ კი სეზონის დუბლით დასრულება ვერ მოახერხა.
თბილისში, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე გამართული ფინალი დაძაბული, მაგრამ არცთუ ისე სანახაობრივი გამოდგა. მთელი თამაშის განმავლობაში თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა, მაგრამ საგოლე მომენტებს გუნდები პრაქტიკულად ვერ ქმნიდნენ. ყველაზე კარგი შანსი შეხვედრის დასაწყისში შეიკნე სილას ჰქონდა, როცა მეკარესთან პირისპირ გასულმა არაზუსტად დაარტყა.
გიორგი მიქაძის გუნდისთვის ამ მატჩს ტიტულის გარდა სხვა დატვირთვაც ჰქონდა: კონფერენს ლიგის საგზური. თუ „საბურთალო“ მოიგებდა, ევროსაგზურსაც მოიპოვებდა, ხოლო ბათუმელთა გამარჯვების შემთხვევაში კონფერენს ლიგაზე ეროვნული ლიგის მეოთხეადგილოსანი „დილა“ გავიდოდა.
„საბურთალომ“ მიზანს მიაღწია. 92-ე წუთზე მოედანზე ერთი წუთის შესულმა ირაკლი სიხარულიძემ გამარჯვების გოლი გაიტანა. გამოცდილი ფორვარდი კუთხურის დროს ბათუმელებმა სრულიად მარტო დატოვეს, რითაც მან ისარგებლა და თავით ტიტულის მომტანი გოლი შეაგდო.
„დინამო ბათუმი“ მხოლოდ გოლის შემდეგ გამოფხიზლდა და მცირე დროის მიუხედავად ორჯერ შეეძლო გათანაბრება. ჯერ ლაზარე კუპატაძემ მოიგერია მეტოქის თავური დარტყმა, ხოლო შემდეგ ცოტნე ფაცაციას დარტყმა მცველმა ცარიელი კარიდან გამოიტანა და ფინალი ასე დრამატულად დასრულდა.
„საბურთალომ“ ისტორიაში მესამედ მოიგო საქართველოს თასი და სეზონი მაჟორულ ნოტაზე დაასრულა. მიქაძის გუნდი ზაფხულში კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც ითამაშებს.
„საბურთალო“ – „დინამო ბათუმი“ 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 სიხარულიძე (90)