ესპანეთის ლა ლიგის მე-15 ტურში „ვალენსია“ გათამაშების ლიდერ „ჟირონას“ ესტუმრა და მარცხი განიცადა, მიუხედავად იმისა, რომ მოგებასთან ახლოს იყო.
„ღამურები“ 57-ე წუთზე უგო დუროს გოლით დაწინაურდნენ, რომელმაც დავიდ ლოპესის შეცდომით ისარგებლა და მეკარეს აჯობა. რუბენ ბარახას გუნდი უპირატესობას 83-ე წუთამდე ინარჩუნებდა, მაგრამ კრისტიან სტუანიმ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 5 წუთის მერე ურუგვაელმა დუბლი გაიფორმა და კატალონიელებს მოაგებინა. ორივე გოლი ჰგავდა ერთმანეთს, გიორგი მამარდაშვილის დადანაშაულება რომელიმე გოლში, რთულია.
ქართველმა მეკარემ სამი მოგერიება მიითვალა, მათ შორის, ერთი განსაკუთრებით კარგი იყო. თუმცა, გიორგი ამჯერად ვალენსიურ კლუბს ქულების მოპოვებაში ვერ დაეხმარა. მიმდინარე სეზონში მან 15 მატჩში 20 გოლი გაუშვა, კარის მშრალად შენახვა კი ხუთჯერ მოახერხა.
„ვალენსია“ 19 ქულით მეათე ადგილზეა და მომდევნო ტურში 8 დეკემბერს, „ხეტაფეს“ ესტუმრება. „ჟირონა“ კი საოცარ სეზონს ატარებს, 15 ტურში 12-ჯერ მოიგო და ერთადერთხელ დამარცხდა, შედეგად, 38 ქულით პირველ ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი სტუმრად კონკურენტ „ბარსელონასთან“ ჩაატარებს.