ძიუდო

13:05 | 2.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

მაისურაძის ვერცხლი და ტერაშვილის ბრინჯაო ტოკიოს გრანდ სლემზე

ტოკიოს გრანდ სლემი დაიწყო, რომლის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს აქტივში თითო ვერცხლის და ბრინჯაოს მედალია. ლუკა მაისურაძე ფინალში დამარცხდა, ხოლო გიორგი ტერაშვილმა მესამე ადგილის დაკავება შეძლო.

90 კგ წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძემ ისრაელის წარმომადგენელი გუი გურევიჩი, შვედი მარკუს ნიმანი, ყირგიზი ერლან შეროვი და სამხრეთკორეელი დონგან გვაკი დაამარცხა, რის შედეგადაც ფინალში გავიდა, სადაც იაპონელ სანშირო მურაოსთან წააგო და ვერცხლს დასჯერდა. ამავე წონაში გამოვიდა ლუკა ბაბუციძე, რომელმაც არაბეთის გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელ არამ გრიგორიანთან განიცადა მარცხი.

73 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა გიორგი ტერაშვილმა, რომელმაც გერმანელი იანო რუებო, ყაზახი, ასკარ ნარკულოვი, კანადელი არტურ მარგელიდონი და უზბეკი მუროჯიონ იულდოშევი დაამარცხა. გიორგი ნახევარფინალში იაპონელ სოიჩი ნაშიმოტოსთან დამარცხდა, მაგრამ ბრინჯაოს მედლისთვის სამხრეთკორეელ ეუნკიულ ლის აჯობა.

ამავე წონაში ლაშა შავდათუაშვილმა წარუმატებლად იასპარეზა, რომელიც პირველივე შეხვედრაში ვერაფერს გახდა ტაჯიკ ბეჰრუზი ხოიაზოდასთან.

81 კგ წონით კატეგორიაში უმედლოდ დარჩა ალექსანდრე ლოლაძე, რომელმაც პირველივე ბრძოლა დათმო მოლდოველ მიჰაილ ლატისევთან.

ქალთა შორის, 57 კგ წონით კატეგორიაში მედლამდე ნაბიჯი დააკლდა ეთერ ლიპარტელიანს, რომელიც მაიტა მოჰამედთან, მარია ესკანოსა და ტიმნა ნელსონ ლევისთან გამარჯვებით ნახევარფინალში გავიდა, თუმცა, ჯერ იქ კანადელ კრისტა დეგუჩისთან წააგო, მერე ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაც დათმო ჩენ-ლინ ლიენთან.

+78 კგ წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილი უმედლოდ დარჩა, რომელმაც პირველივე შეხვედრაში განიცადა მარცხი სამხრეთკორეელი საეტბიეოლ პარკთან.

ტოკიოს გრანდ სლემი 3 დეკემბერს დასრულდება, ქართველი ძიუდოისტები კი, დარჩენილ წონებშიც იასპარეზებენ.

0.118548