რაგბი ევროპის სუპერ თასის ნახევარფინალის წინ, რომელსაც ‘შავი ლომი’ 2 დეკემბერს, 14 საათზე „ავჭალაზე“ ესპანური ‘იბერიანსის’ წინააღმდეგ გამართავს, ქართულმა ფრენჩაიზმა „შევარდენის“ ბაზაზე კაპიტნის ვარჯიში გამართა.
‘შავი ლომი’ სუპერ თასის ორგზის მფლობელია და ტიტულის დაცვას ცდილობს, რის შემდეგაც მსოფლიოს ელიტურ საკლუბო ტურნირში, ჩელენჯ თასში ჩაერთვება და სადებიუტო შეხვედრაში 150 წლიანი ისტორიის მქონე ინგლისურ გრანდ ‘გლოსთერს’ „მიხეილ მესხზე“, 9 დეკემბერს 17 საათზე დაუხვდება.
მთავარი მწვრთნელის მოვალოების შემსრულებელი ლევან მაისაშვილი თვლის, რომ გუნდი მომავალ თამაშებს მზადყოფნაში ხვდება:
„მიუხედავად იმისა, რომ შემადგენლობა გადავახალისეთ, კარგი შევსება მივიღეთ და მოსამზადებელი პერიოდიც სათანადოდ გამოვიყენეთ. სამივე სათამაშო კვირაში კარგი ვარჯიშები გვქონდა. მოწინააღმდეგეებიც ყველა ეტაპზე იმაზე ძლიერები იყვნენ, ვიდრე სუპერ თასის წინა გათამაშებებში, რაც ასევე გამოგვადგა. ახლა წინ ნახევარფინალია, რომელსაც სხვა დატვირთვა აქვს და სხვა ინტრიგა ახლავს. უმთავრესი მიზანი რა თქმა უნდა ფინალში თამაშია, თუმცა ამავდროულად, ‘იბერიანსთან’ თამაშს ‘გლოსთერთან’ შეხვედრისთვის მოსამზადებელ ეტაპადაც განვიხილავთ“.
‘შავი ლომის’ კაპიტანი მერაბ შარიქაძე ამბობს, რომ უპირველესი სამიზნე ‘იბერიანსია’:
„ესპანელებთან ნახევარფინალში ფავორიტები ვართ, თუმცა სპორტი ისეთი რამეა, ძალიან წინ თუ გაიხედები იქვე დაგიცდება ფეხი. ჩვენი უპირველესი საფიქრალი ხვალინდელი თამაშია და მერე ის, რასაც გულშემატკივარი ამდენი ხანია ელოდება – 9 დეკემბერს ‘გლოსთერთან’ შეხვედრა“.
შეგახსენებთ, ‘შავი ლომი’ რაგბი ევროპის სუპერ თასის ერთადერთი, ორგზის მფლობელია და ტიტულის მესამედ მოპოვებას ცდილობს. მეორე ნახევარფნალში ისრაელის ‘ჰითი’ რუმინულ ‘ვულვზს’ ბუქარესტში ერკინება. სად და როდის გაიმართება ფინალური ჯახი მოგვიანებით გაირკვევა.
მანამდე ‘შავი ლომი’ 2023/24 წლების ისტორიულ, ჩელენჯ თასის გათამაშებაში ჩაებმება და სადებიუტო თამაშს 9 დეკემბერს თბილისში, ინგლისურ ‘გლოსთერთან’ გამართავს. ჩვენი გუნდი ჯგუფურ ეტაპზე ‘სკარლეტს’ უელსში და ‘კასტრს’ საფრანგეთში შეხვდება, იანვარში კი ‘კლერმონს’ თბილისში მიიღებს.
RUGBY.GE