რაგბი

19:18 | 30.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

სუპერ თასი | ‘შავი ლომი’ მესამე ფინალს “ავჭალაზე” შეუტევს

2 დეკემბერს ‘შავი ლომი’ ესპანურ ‘იბერიანსს’ „ავჭალაზე“ დაუხვდება და მისი დამარცხებით რაგბი ევროპის სუპერ თასის მიჯრით მესამე, ფინალში თამაშის უფლების მოპოვებას ეცდება. შეხვედრა 14 საათზე დაიწყება.

ჩვენმა გუნდმა ჯგუფური ეტაპი სამი მოგებით, პირველ ადგილზე დაასრულა, ‘იბერიანსი’ კი მესამე ადგილს დასჯერდა. სუპერ თასის წლევანდელი სეზონი ნახევარფინალისტებმა ურთიერთშეხვედრით დაიწყეს. ერთი თვის წინაც თამაშს ‘ავჭალამ’ უმასპინძლა, ‘შავი ლომი’ 65-ე წუთისთვის 39:5 დაწინაურდა, დასკვნით წუთებში მოეშვა და 39:19 გაიმარჯვა.

ეს ამ გუნდების მესამე დაპირისპირება იყო. მანამდე ‘შავი ლომი’ ‘იბერიანსს’ ორჯერ ეთამაშა, ორივეჯერ ნახევარფინალში და „ავჭალაზე“. პირველ სეზონში ესპანელებს უხვქულიან შეხვედრაში 43:40 ვძლიეთ, შარშან კი 41:9. ამრიგად, ‘იბერიანსს’ 2 დეკემბერს, 14 საათზე, თასის ნახევარფინალში მესამედ, სულ კი მეოთხედ ვუმასპინძლებთ.

გზა ნახევარფინალამდე

‘იბერიანსთან’ გამარჯვების შემდეგ, ‘შავმა ლომმა’ ჯერ პორტუგალიაში ‘ლუზიტანუში’ დაამარცხა 22:0, მერე კი ისრაელის ‘ჰითსს’ კვიპროსში 29:27 სძლია და ჯგუფური ეტაპი 14 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა.

‘იბერიანსს’ მეორე ტურში ‘ჰითმა’ ესპანეთში 38:20 მოუგო. თასის ნახევარფინალისთვის გადამწყვეტი ჯახი ესპანელებსა და პორტუგალიელებს შორის ვალიადოლიდში, 19 ნოემბერს შედგა. დაძაბულ ბრძოლაში ‘იბერიანსმა’ ‘ლუზიტანუში’ 18:13 დაამარცხა და თასის ნახევარფინალში გავიდა.

მეორე ნახევარფინალში ‘ჰითი’ რუმინულ ‘ვულვზს’ ბუდაპეშტში ეთამაშება.

ფინალის საგზურისთვის

‘შავი ლომის’ სამწვრთნელო შტაბმა 2 დეკემბრის შეხვედრისთვის უკვე შეარჩია 23 მოთამაშე. ‘იბერიანსთან’ ერთი თვის წინ გამართული შეხვედრის შემადგენლობიდან, სასტარტო 15-ეულში 4 ცვლილება და ერთი გადაადგილებაა.

9 ნომრის პოზიციაზე თენგიზ პერანიძის ნაცვლად თამაშს გიორგი მარგალიტაძე იწყებს. სხვა მხრივ ხაზი ისეთივეა, როგორიც ერთი თვის წინ იყო. ‘ჰითთან’ თამაშის შემდეგ ორი ცვლილებაა და ცენტრში გიორგი კვესელაძე, ფრთაზე კი სანდრო თოდუა დაბრუნდა.

პირველ ხაზში ნიკა ხატიაშვილმა მარცხენა ბურჯის პოზიციაზე გადაინაცვლა, მარჯვნივ გიორგი ჩხარტიშვილი დადგება, კვაჭი კი ირაკლი ქვათაძე იქნება. მეორე ხაზში მიხეილ ბაბუნაშვილს ამჯერად ნოდარ ჭეიშვილი შეუწყვილდება, რომელიც ტრავმიდან დაბრუნდა. უცვლელია და ზედიზედ მესამე შეხვედრას იწყებს მესამე ხაზი – ლუკა ივანიშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი და ილია სპანდერაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ლუკა ივანიშვილი ერთადერთი მორაგბეა, რომელმაც ‘შავი ლომის’ ყველა, 30-ივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, როგორც რაგბი ევროპის სუპერ თასზე, ასევე სამხრეთ აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში.

მარქაფაშია დებიუტანტი გიორგი ჯობავა, რომელიც ‘შავ ლომს’ მიმდინარე სეზონის წინ შეუერთდა, თუმცა მისი კვართით მოედანზე ჯერ არ გასულა.

რაგბი ევროპის სუპერ თასი 2023 ნახევარფინალი. 2 დეკემბერი. თბილისი. ავჭალა შავი ლომი (საქართველო) – იბერიანსი (ესპანეთი) შავი ლომი

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. გიორგი მარგალიტაძე;

შერკინება: 1. ნიკა ხატიაშვილი 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ილია სპანდერაშვილი.

მარქაფა: 16. ბექა მამრიკიშვილი, 17. დათო აბდუშელიშვილი, 18. ნიკა პატარაია, 19. დემურ ეფრემიძე, 20. გიორგი კერვალიშვილი; 21. თენგიზ პერანიძე, 22. გიორგი ჯობავა, 23. თორნიკე კახოიძე.

RUGBY.GE

0.116045