რაგბი

12:15 | 29.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

მირიან თავზარაშვილი EPCR-ის სადისციპლინო პანელზე

10 დღე დარჩა ქართული რაგბისთვის ისტორიული დღის დადგომამდე. ზაფხულში მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, პირველი ქართული პროფესიული ფრენჩაიზი ‘შავი ლომი’, ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის (EPCR) მიერ ორგანიზებულ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს უძლიერეს საკლუბო ტურნირებში ჩაერთვება.

სასიხარულოა, რომ ქართული რაგბი ყველა მიმართულებით ვითარდება და სარაგბო ელიტისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს. ჩელენჯ თასსა და ჩემპიონთა თასზე ქართველი მსაჯების გამოჩენის, ასევე ‘შავი ლომისთვის’ ჩელენჯ თასის კარის გაღების შემდეგ, ქართული რაგბი EPCR-ის სადისციპლინო პანელს შეუერთდა.

მირიან თავზარაშვილი რაგბი ევროპის პანელზე 2021 წელს გამოჩნდა, ორი წლის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული რაგბი ევროპის სადისციპლინო კომისიის მუშაობაში. შედეგად, მან მიწვევა უფრო მაღალი დონის ჩემპიონატებზე მიიღო და მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტების მხარდამხარ ჩელენჯ თასისა და ჩემპიონთა თასის შეხვედრებს მოემსახურება.

სადისციპლინო კომისიის მოვალეობაა, რომ ინციდენტის შემთხვევაში (მაგალითად: მსაჯის მიერ რომელიმე მოთამაშის წითელი ბარათით გაძევება, ან საითინგ-კომისრის მიერ დაფიქსირებული წესების დარღვევა, რომელიც მსაჯებს გამორჩათ), განიხილოს მომხდარი და შესაბამისი სადისციპლინო სასჯელი გამოუტანოს დამნაშავეს.

„ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ტოპ დონის საკლუბო ჩემპიონატებში არა მხოლოდ გუნდით, არამედ ოფიციოზითაც ჩართვა იმის ნიშანია, რომ ქართული რაგბი განვითარების სხვა ეტაპზე გადავიდა. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ინგლისის რაგბის კავშირის სადისციპლინო სამსახურის უფროსს, ბატონ დევიდ ბარნსს. მან ჩაგვიტარა შესაბამისი სემინარები და რეკომენდაცია გაგვიწია EPCR-თან“.

„18 ნოემბერს ინგლისში, ბირმინგემში EPCR-ის სადისციპლინო კომისიის კონფერენცია გაიმართა, რომელიც ყველა სეზონის წინ იმართება. განვიხილეთ უკვე მომხდარი დარღვევები და მომავალი სეზონის გეგმები. დიდი ყურადღება დაეთმო სოციალური ქსელების მეშვეობით მსაჯებსა და მატჩის ოფიციალურ პირებზე მუქარის ტენდეციას. ვისაუბრეთ რეაგირების საშუალებებზე, ასევე განვიხილეთ დისციპლინასთან დაკავშირებულ საკითხები. კონფერენციას მსაჯებიც ესწრებოდნენ და მათგან საინტერესო ინფორმაცია მივიღეთ. EPCR-ში გაწევრიანება პროფესიულ რაგბში სრულფასოვან ჩართვას ნიშნავს, რაც განსხვავებულ მიდგომებს მოითხოვს და ეს ქართულ რაგბს კიდევ უფრო წინ წაიყვანს“ – აღნიშნავს მირიან თავზარაშვილი.

შეგახსენებთ, ‘შავი ლომი’ ჩელენჯ თასზე სადებიუტო შეხვედრას 9 დეკემბერს 17 საათზე, „მიხეილ მესხზე“ ინგლისური გრანდის, ‘გლოსთერის’ წინააღმდეგ გამართავს.

RUGBY.GE

0.13086