ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში დონეცკის „შახტარმა“ ბელგიის ჩემპიონ „ანტვერპენს“ ჰამბურგში უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.
მე-12 წუთზე გამარჯვების გოლი მიკოლა მატვიენკომ გაიტანა. 90 წუთი ითამაშა გიორგი გოჩოლეიშვილმა, რომელმაც მატჩის მიწურულს ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო ირაკლი აზაროვი 94-ე წუთზე შეცვალეს.
სხვათა შორის, აზაროვი ძალიან ახლოს იყო ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო გოლთან: 55-ე წუთზე შორი მანძილიდან დაარტყა და ბურთი ხარიხას მოხვდა, არადა, ულამაზეს გოლამდე ძალიან მცირედი დააკლდა. გიორგი დემეტრაძე-კახა კალაძე (დინამო კიევი), შოთა არველაძე-ზურაბ ხიზანიშვილი (რეინჯერსი), მიხეილ აშვეთია-მალხაზ ასათიანი (ლოკომოტივი) და ახლა აზაროვი-გოჩოლეიშვილი - მეოთხე ქართული დუეტია, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში (არა საკვალიფიკაციო ეტაპზე) ერთი გუნდის ძირითად შემადგენლობაში ითამაშეს.
„შახტარმა“ ამ გამარჯვებით 9 ქულა დააგროვა და ჯგუფიდან გასვლის შანსი აქვს, ყველაფერი ბოლო ტურში გაირკვევა, როცა უკრაინული გუნდი „პორტუს“ ესტუმრება.
E ჯგუფში რომის „ლაციომ“ გლაზგოს „სელტიკთან“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. იტალიურ გუნდს ძალიან უჭირდა, მაგრამ მშველელად ჩირო იმობილე მოევლინა, რომელმაც 61-ე წუთიდან ითამაშა, 82-ე და 85-ე წუთებზე კი დუბლი შეასრულა. „ლაციომ“ ამ მოგებით მერვედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, რადგან 10 ქულა დააგროვა.
„ლაციო“ – „სელტიკი“ 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 იმობილე (82), 2:0 იმობილე (85)
„შახტარი“ – „ანტვერპენი“ 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 მატვიენკო (12)