ფეხბურთი

18:04 | 28.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტი: "ნაპოლი" კვარაცხელია-ოსიმენით კონტრშეტევებზე სახიფათოა"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „ნაპოლისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ დაძაბულ შეხვედრას ელოდება. ანჩელოტიმ ყურადღება გაამახვილა მეტოქის კონტრშეტევებზე, რადგან „ნაპოლის“ ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი ჰყავს.

„გვსურს საუკეთესო მატჩი ჩავატაროთ, რათა ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავოთ. ტრავმებზე საუბარს აზრი არ აქვს, კარგი ფეხბურთელები მყავს და უპატივცემულობა იქნება ტრავმებზე წუწუნი, არ ვფიქრობთ იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც ვერ ითამაშებენ.

კონტრაქტის განახლება 5 წლით? არ ვიცი. ვფიქრობ, სიმეონე „ატლეტიკოში“ გამორჩეული შემთხვევაა, ისევე, როგორც ფერგიუსონი „მანჩესტერში“. როგორც წესი, მწვრთნელები კლუბში მცირე ხნით მუშაობენ.

მაძარი? არ გამიკვირდა, რომ გუნდს თავისი ხელი დაატყო. ის გამოცდილი მწვრთნელი და კარგი მეგობარია, რომელმაც იტალიური ფეხბურთი კარგად იცის. გარდა ამისა, მწვრთნელის შეცვლა ფეხბურთელებში მოტივაციას ყოველთვის ამაღლებს, შაბათის მატჩი ამას ადასტურებს. რევანში? „ნაპოლიში“ მშვენიერი დრო გავატარე და შურისძიება არ მსურს.

ბელინგემი ჭკვიანი, პროფესიონალი, მოწიფული და სერიოზული ბიჭია, ამიტომ ადაპტაცია არ გაუჭირდა. დიდი ფეხბურთელები ყოველთვის ადვილად ეგუებიან ქვეყნებს, სადაც არ უნდა წავიდნენ სათამაშოდ.

„ნაპოლისთან“ პირველი მატჩი თანაბარი იყო და ხვალაც ასეთ თამაშს ველოდები. ბურთი ხან ჩვენ გვექნება, ხან - მათ. „ნაპოლი“ სახიფათოა კონტრშეტევებზე, რადგან კვარაცხელია და ოსიმენი ჰყავს, მზად უნდა ვიყოთ. კვარაცხელია ერთი-ერთზე ბრწყინვალეა, ოსიმენი სრულყოფილი თავდამსხმელია, თავით თამაშში ძალიან ძლიერი. პირველ მატჩში ეს ყველაფერი გავითვალისწინეთ და ვეცდებით, ხვალაც გავითვალისწინოთ“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ „რეალის“ და „ნაპოლის“ მატჩი 29 ნოემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115809