ფეხბურთი

17:58 | 26.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

უხვიჩოდ საქართველოს ნაკრები ვერ წარმომიდგენია!

საბჭოთა კავშირში შობილებს სკოლაში გვასწავლიდნენ, რომ რასაც ვერ შეცვლი და გამოასწორებ, იმაზე დარდი და კამათი არ შეიძლება და უმჯობესია რეალობა მივიღოთ ისეთი, როგორიც არის. ეს ჩვენში წარმოშობდა პრობლემასთან შეგუებულობის მუდმივ განცდას და საბოლოოდ გამოდიოდა ისე, რომ ყველამ ყველაზე ყველაფერი ვიცოდით, მაგრამ ყველა ყველაფერზე ჩუმად იყო.

მავანი დაახლოებით ამას ითხოვს ქართველი ქომაგებისგან, როდესაც ყველამ აღმოვაჩინეთ, რომ პირველყოვლისა ფეხბურთის ფედერაციის არაპროფესიონალიზმის გამო ერთა ლიგის ნახევარფინალში ჩვენი საფეხბურთო ნაკრების მთავარი ვარსკვლავი და იმედი, ხვიჩა კვარაცხელია არ გვეყოლება. მოკლედ რომ გითხრათ, გამოჩნდნენ „კეთილისმსურველი“ ადამიანები, რომლებიც ჟურნალისტებს ეუბნებიან, რომ ამის შესახებ წერას და საუბარს აზრი არა აქვს, რაც იყო იყო, ახლა კი ყველა უნდა გავერთიანდეთ და ერთობლივი ძალებით გადავლახოთ ლუქსემბურგის ბარიერიო.

გაერთიანება და ერთად ყოფნა კარგი რამაა, მაგრამ საინტერესოა მაშინ რატომ არავის ახსოვდა ერთად დგომის მნიშვნელობა, როდესაც ფედერაციას სხვა ხალხი უძღვებოდა და ნაკრები კი აგებდა და აგებდა? ზოგიერთებმა ახლა აღმოაჩინეს, რომ ფეხბურთთან პოლიტიკა არ უნდა გავრიოთ და ნაკრების უპირობო მხარდაჭერა სჭირდება? სწორედ ეს ხალხი არ აგინებდა თემურ ქეცბაიას და ზვიად სიჭინავას? ექტორ რაულ კუპერს და უმცროს ნოდარ ახალკაცს? ზვიად სიჭინავას დროს დაშვებულ შეცდომებზე ლევან კობიაშვილი და მისი მეგობრები რა ამბებს ტეხდნენ ალბათ ყველას გახსოვთ და ახლა რატომ არ უნდა ამოვიღოთ ხმა? ფეხბურთის ფედერაციაში მყოფ უპასუხისმგებლო და არაპროფესიონალ ადამიანებს სუსტი ნერვები აქვთ და გული დაეთუთქებათ? ამის შემდეგ, თუკი შვილი გკითხავთ, ორმაგი სტანდარტი რას ნიშნავსო, თავისუფლად შეგიძლიათ სფფ-ზე და მის დამცველ-გამმართლებლებზე უამბოთ.

ადრეც დავწერე და ახლაც გავიმეორებ, რომ თუ ვინმეს სრულიად არაფრისმომცემ თამაშებში შვედეთის ან კვიპროსის დამარცხება რაიმე განსაკუთრებული ჰგონია და ამით აბათილებს შესარჩევებში მუდმივად ბოლო ან ბოლოსწინა ადგილს, ეს მისი პრობლემაა და სერიოზულად საუბარიც არ ღირს. ქართული ფეხბურთის ამჟამინდელი მმართველობის დროს, ფედერაციას დააწვა უამრავი ვალი, ნაკრებებისთვის ვერ ნახულობენ ნორმალურ მწვრთნელებს, არის სრული განუკითხაობა და უცოდინრობა, (რაც ესპანეთთან კვარაცხელიას მიღებულ უაზრო ყვითელ ბარათშიც გამოიხატა) საქართველოს ჩემპიონატი არის სამარცხვინოდ დაბალი დონის და კლუბების ევროტურნირებზე გამოსვლა არის ჩვენი ქვეყნის პრესტიჟის დაცემა და განადგურება. ამ ყველაფრის გამო ფედერაცია და მისი ჩინოსნების კრიტიკა თურმე არ შეიძლება, რადგან ეს ჩვენს ერთიანობას ვნებს. ბოლოში მომითხოვია, მაგრამ შემირცხვენია ასეთი ყალბი და ყურით მოთრეული ერთიანობა! მით უმეტეს, ერთიანობა ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე!

ხვიჩას გარეშე საქართველოს ნაკრების რაიმე წარმატებაზე ოცნებაც კი სასაცილო და სისულელეა. ხვიჩა კვარაცხელია შეიძლება მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ მკვდარი ქართული ფეხბურთი სწორედ მან გამოაცოცხლა და უხვიჩოდ პირადად მე საქართველოს ნაკრები ვერ წარმომიდგენია!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113876